
„8 ნოემბერს, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების პაკეტი მიიღო, რომელიც დეტალურად აფასებს ალბანეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის, თურქეთისა და, პირველად, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ.
კერძოდ, ევროკომისიის ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ფუნდამენტალური რეფორმების განხორციელების პროგრესსა და რეფორმების გატარების პროცესში მკაფიო მითითებების გაცემაზე. ევროკავშირში გაწევრიანება არის და დარჩება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი, რომელიც სრულად არის დამოკიდებული თითოეული ქვეყნის მიერ მიღწეულ ობიექტურ პროგრესზე.
საქართველოს შემთხვევაში, მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ევროკომისია ევროსაბჭოს წინაშე რეკომენდაციას გასცემს, რომ საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს, რადგან, ბოლო თვეებში, ქვეყანამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირთან ჩართულობის გასაძლიერებლად და დააჩქარა რეფორმების გატარების პროცესი.
დოკუმენტის თანახმად, განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან, საქართველოს სრულად შესრულებული აქვს შემდეგი რეკომენდაციები: დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა“, „გენდერული თანასწორობა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“, „ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება“. ასევე, განხორციელდა სასამართლო რეფორმა, თუმცა ჯერ კიდევ საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმის გატარებაც. საქართველომ გააუმჯობესა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონები და არსებული სამოქმედო გეგმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად; შეიმუშავა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და ასევე განსაზღვრის პროცესშია სამოქმედო გეგმა; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან; მტკიცე მრავალპარტიული პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა ხელს შეუწყობს პოლარიზაციის დაძლევას და დააჩქარებს ქვეყნის ევროპული გზისკენ სვლას,“- ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
„აღნიშნული ანგარიში ადასტურებს, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხი მტკიცედ დაბრუნდა დღის წესრიგში. ევროკავშირის გაფართოება წარმოადგენს ჩვენს გეოპოლიტიკურ პროექტს ევროპისთვის. ბოლო თვეებში ვნახეთ უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს, ისევე როგორც ბოსნია და ჰერცეგოვინას მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ერთგულება და მონდომება შედეგიანია. მომდევნო თვეებში, გავზრდით რეგიონთან ჩვენს ჩართულობას, ყველა ჩვენმა პარტნიორმა კი ყურადღება უნდა გაამახვილოს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშებში მკაფიოდ ასახულ განსახორციელებელ რეფორმებზე, რათა, შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ევროსაბჭოს წინაშე ამ ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი ადეკვატურად შევაფასოთ,“ - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელმა.
0
0