
აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტები ერთმანეთს კუალა-ლუმპურში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოთა ასოციაციის სამიტის ფარგლებში შეხვდნენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან და ლუის ინასიო ლულა და სილვამ შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ შეთანხმებას მივაღწევთ ბრაზილიასთან. კარგად ვუგებთ ერთმანეთს. ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა და ვფიქრობ, ეს გაგრძელდება“, – თქვა ტრამპმა.
ლულამ კი აღნიშნა, რომ პოზიტიური მოლოდინები აქვს აშშ-სა და ბრაზილიის ურთიერთობების წინსვლის მხრივ.
„ბრაზილიასა და ამერიკას შორის რაიმე სხვა სახის კონფლიქტის არანაირი მიზეზი არ არსებობს“, – თქვა ლულამ.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს თვეში დონალდ ტრამპმა ბრაზილიიდან აშშ-ში იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფი 10%-დან 50%-მდე გაზარდა. აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა დაძაბული იყო. მიზეზი კი, ბრაზილიის ყოფილი ლიდერის, ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ აღძრული სამართლებრივი საქმეები გახდა. ბოლსონარო სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაში დამნაშავედ ცნო და 27 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ტრამპმა საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასა და მეორე მხარეს მის წინააღმდეგ „ჯადოქრებზე ნადირობის“ დასრულებისკენ მოუწოდა. მას შემდეგ ლულამ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი, რომ ბრაზილიაში სასამართლო სისტემაში ჩარევის ადგილი არ არის.
0
0