03/12/2024
13:54
მსოფლიო
2023 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში შობადობა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა 1961 წლიდან. ამის შესახებ Financial Times იუწყება.
ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში გასულ წელს 3 მლნ 665 ათასი ბავშვი დაიბადა, რაც 1961 წლიდან რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია.
შობადობამ 2022 წელთან შედარებით 5,5%-იანი კლება განიცადა, რაც ყველაზე სწრაფი კლებაა ამ პროცესზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში.
შობადობა 2023 წელს „ევროსტატის“ პროგნოზზე დაბალია, რომლის მიხედვით გასულ წელს ევროკავშირში 4 მლნ ბავშვი უნდა დაბადებულიყო.
ამავე წყაროს ცნობით, ევროკავშირში შობადობის ყველაზე მაღალი დონე 1960-იან წლებში შეინიშნებოდა, როდესაც წელიწადში 7 მლნ ბავშვი დაიბადა, მაგრამ შემდეგ ამ მაჩვენებელმა კლება დაიწყო.
ექსპერტების აზრით, შობადობის კლება სახელმწიფო ფინანსებზე დატვირთვას გაზრდის, რადგანაც შრომისუნარიანი მოსახლეობის დონე იკლებს, ხოლო ჯანდაცვაზე და საპენსიო უზრუნველყოფაზე ხარჯები, პირიქით - იზრდება.
„შობადობის კლებაზე მოქმედებს გაურკვევლობა, რომელსაც ადამიანები განიცდიან. ეს არის დასაქმების გარანტიის არქონა, უძრავი ქონების ფასების ზრდა, ასევე მრავალრიცხოვანი გლობალური კრიზისი, მათ შორის COVID19-ის პანდემია, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, კლიმატის ცვლილება. ეს ყველაფერი ინდივიდუალურ რეპროდუქციულ გადაწყვეტილებებზე მოქმედებს“, - განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა გუანიუი ჩჟანმა.
„ევროსტატის“ ინფორმაციით, ქალების უმრავლესობა ახლა ბავშვებს უფრო გვიან აჩენს. ახლა პირველი ბავშვის მშობიარობის საშუალო ასაკი 30 წელს შეადგენს.
შობადობის კლება ყველაზე აქტიურად შეინიშნება იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, პოლონეთში, ფინეთში და ბალტიის ქვეყნებში. ამ ქვეყნებში ბოლო ათწლეულში შობადობა სულ მცირე 25%-ით შემცირდა.
0
0