02/01/2025
14:10
მსოფლიო
როგორც ცნობილია, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ ევროკავშირში რუსული გაზის ტრანზიტი 1-ელ იანვარს შეწყდა. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტი ხორციელდებოდა ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლებიც 2019 წლის ბოლოს, რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმამდე, დაიდო.
ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი მოემზადა აღნიშნული ცვლილებისთვის, რომელთან გამკლავებაც სახელმწიფოების უმეტესობას შეუძლია. მოლდოვა უკვე განიცდის გაზის დეფიციტს.
ე.წ. თურქული ნაკადის მილსადენით, რუსეთს კვლავ შეუძლია შავი ზღვის გავლით გაზის გაგზავნა უნგრეთში, თურქეთსა და სერბეთში.
რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ექსპორტი 1-ელ იანვარს ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან (05:00 GMT) შეწყდა.
მოსკოვი, უკრაინის გავლით, 1991 წლიდან ახორციელებს გაზის ტრანსპორტირებას ევროპაში. როგორც BBC-ი წერს, რუსული გაზის ტრანზიტის შეჩერება მთელ ევროპაზე სტრატეგიულ და სიმბოლურ ზემოქმედებას მოახდენს. რუსეთმა დაკარგა მნიშვნელოვანი ბაზარი, თუმცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, ევროკავშირის ქვეყნები ყველაზე მეტად დაზარალდებიან.
2023 წელს, ევროკავშირის მიერ განხორციელებული რუსული გაზის იმპორტი 10%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 40% იყო. თუმცა ბლოკის რამდენიმე წევრი, მათ შორის სლოვაკეთი და ავსტრია, რუსეთისგან გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობით იმპორტს კვლავ განაგრძობს.
ავსტრიის ენერგეტიკის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ის არ პროგნოზირებს რაიმე შეფერხებას, რადგან დივერსიფიცირებული წყაროებით ენერგეტიკული რეზერვები უზრუნველყო. თუმცა უკრაინასთან სატრანზიტო შეთანხმების დასრულებამ უკვე გამოიწვია სერიოზული დაძაბულობა სლოვაკეთთან, რომელიც ახლა რუსული გაზის მთავარი შესასვლელია ევროკავშირში. სლოვაკეთმა განაცხადა, რომ ის ალტერნატიული მარშრუტებისთვის უფრო მეტს გადაიხდის. სლოვაკეთის ენერგეტიკის მარეგულირებელმა დეკემბრის დასაწყისში გამოაცხადა, რომ 2025 წელს გაზის ფასი მომხმარებლებისთვის გაიზრდება.
პოლონეთმა კიევს მხარდაჭერა შესთავაზა იმ შემთხვევაში, თუ სლოვაკეთი ელექტროენერგიის ექსპორტს შეწყვეტს - ექსპორტი კი გადამწყვეტია უკრაინისთვის, რომლის ელექტროსადგურები რეგულარულ თავდასხმას განიცდის რუსეთის მხრიდან. როგორც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ BBC-ს განუცხადა, არსებობს საერთაშორისო ბაზრებიდან გაზის მიწოდების ალტერნატიული მარშრუტები, როგორიცაა ტერმინალი ხორვატიაში და კავშირები გერმანიიდან და პოლონეთიდან.
„ეს მარშრუტები შესწავლილი უნდა იყოს, რათა რუსეთმა ევროკავშირისთვის ნავთობისა და გაზის მიყიდვით ფული ვერ გამოიმუშაოს. პოლონეთი გაზის იმპორტს აშშ-დან, ყატარიდან და ჩრდილოეთის ზღვიდან ახორციელებს. რამდენადაც ვიცი, ყველა ქვეყანას აქვს ალტერნატიული მარშრუტები“, - განაცხადა სიკორსკიმ.
სატრანზიტო შეთანხმების დასრულებამ შესაძლოა სერიოზულად დააზარალოს მოლდოვაც, რადგან ელექტროენერგიის დიდ ნაწილს ქვეყანა რუსული გაზით მომარაგებულ ელექტროსადგურში გამოიმუშავებს.
28 დეკემბერს, რუსული გაზის კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ 1-ელ იანვარს შეუზღუდავს გაზის მიწოდებას მოლდოვას, რადგან ქვეყანამ ვერ შეასრულა საგადასახადო ვალდებულებები. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რესიანმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში საგადასახადო დავალიანება არ დაადასტურა და რუსეთი „ელექტროენერგიის პოლიტიკურ იარაღად“ გამოყენებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი დნესტრისპირეთს "ზამთრის შუა პერიოდში შუქისა და სითბოს გარეშე“ დატოვებს. მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ კრემლი "შანტაჟში" დაადანაშაულა, რადგან ის მიზნად ისახავს მოლდოვას დესტაბილიზაციას 2025 წლის საყოველთაო არჩევნებამდე.
0
0