
ევროკავშირს შავ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის შექმნა სურს პოტენციური უსაფრთხოების მონიტორინგისთვის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც შავი ზღვის სტრატეგიაზე ისაუბრა.
„ჰაბი იქნება შავ ზღვაში გაფრთხილების ადრეული სისტემა. ის დაგვეხმარება კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში, როგორიცაა საზღვაო ინსტალაციები და წყალქვეშა კაბელები. ჰაბი ასევე დაგვეხმარება რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის მონიტორინგში“, – აღნიშნა კალასმა.
ევროპელი დიპლომატის თქმით, შავი ზღვის ახალი სტრატეგია არის შავი ზღვის ქვეყნებისთვის ერთგვარი მიწვევა თანამშრომლობის გასაძლიერებლად. კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოწოდებულია შავი ზღვის რეგიონის პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ინფორმაციის გაზიარებისთვის. კაია კალასის განმარტებით, ამ სტრატეგიის შედეგად სარგებლის მიღება შავი ზღვის ყველა ქვეყანას შეუძლია.
ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის გაიმართება დისკუსია იმის შესახებ, სად განლაგდება ეს ჰაბი.
0
0