
ევროკავშირმა სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო, რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დამტკიცება დღეს ვერ შეძლო.
როგორც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განმარტა, ბურთი ახლა სლოვაკეთის მოედანზეა, რადგან ქვეყანამ ახალი სანქციების პაკეტზე ხმის მიცემის გადავადება მოითხოვა.
ამასთან, კაია კალასმა აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია ამ შედეგის გამო.
„რუსეთის მხრიდან დაბომბვის კამპანიამ რეკორდულ დონეს მიაღწია და ვხედავთ, რომ რუსეთი უკრაინაში სულ უფრო მეტად იყენებს აკრძალულ ქიმიურ იარაღს. ყველაფერი ეს ცხადყოფს, რომ რუსეთს არ სურს მშვიდობა. ამის საპასუხოდ, ევროკავშირი მზადაა, დაამტკიცოს რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სანქციების პაკეტი. ამიტომ ნამდვილად ვწუხვარ, რომ დღეს ამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. უნდა ვთქვა, რომ ძალიან ახლოს ვიყავით სლოვაკეთის დარწმუნებასთან. კომისიამ შეასრულა ყველაფერი, რაც მათ მოითხოვეს. ახლა ბურთი სლოვაკეთის მხარეს არის და ეს გარიგება უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.
კალასმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრები ხვალისთვის სანქციებზე გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ.
სლოვაკეთი ბლოკავს სანქციების პაკეტს, რადგან წინააღმდეგია რუსული გაზის იმპორტის სრული აკრძალვის, რომელიც 2028 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ იმპორტის აკრძალვა ზიანს მიაყენებს სლოვაკეთის ეკონომიკას. რობერტ ფიცომ მანამდე აღნიშნა, რომ ის ვერ დაუჭერს მხარს ზომებს, რომლებიც სლოვაკეთის ბირთვული სადგურებისთვის რუსული საწვავის იმპორტს დაბლოკავს. როგორც ფიცომ განაცხადა, სლოვაკეთს სურს, დარჩეს კონსტრუქციული ევროკავშირის შიგნით.
0
0