
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში კომპანია „ინტერ რაოს“ (Inter RAO UES) სანქციები დაუწესა.
ევროკავშირის მიერ კომპანიის დასანქცირების განმარტებაში ნათქვამია, რომ Inter RAO UES არის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია, რომლის შემოსავალმა 2023 წელს 1,36 ტრილიონ რუბლს მიაღწია. აქვე აღნიშნულია, რომ კომპანიას დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და მას რუსეთის ფედერაციის მთავრობა აკონტროლებს. Inter RAO UES-ის აქციონერებს შორის არიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები „როსეტი“ (Rosseti) და „როსნეფტეგაზი“ (Rosneftegaz), რომელიც რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დივიდენდის გადამხდელია. კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებს შორის არიან საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული პირები: იგორ სეჩინი – „როსნეფტის“ აღმასრულებელი დირექტორი და ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ასევე, დმიტრი შუგაევი – რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფედერალური სამსახურის დირექტორი.
„მაღალი შემოსავლების, რუსეთის ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვანი როლისა და სახელმწიფო კონტროლის გამო Inter RAO UE მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის ეკონომიკურ სექტორში, ხოლო რუსეთის ფედერაციის მთავრობა იღებს კომპანიის შემოსავლების ნაწილს გადასახადებისა და მისი მფლობელების მიერ გადახდილი დივიდენდების სახით. შესაბამისად, Inter RAO UES-ი ფინანსურად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომელიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილიზაციაზე“, – ნათქვამია კომპანიის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ განმარტებაში.
Inter RAO UES-ი ნიდერლანდებში რეგისტრირებული Silk Road Holdings B.V.-ის 100 %-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. თავის მხრივ, Silk Road Holdings-ი კომპანია „თელასის“ აქციათა 75.108%-ს და კომპანია „თელმიკოს“ აქციათა 75.471%-ს პირდაპირ ფლობს.
ამასთან, Inter RAO UES-ი ასევე ნიდერლანდებში რეგისტრირებული Gardabani Holdings B.V.-ის 100%-იანი წილის არაპირდაპირი მფლობელია. Gardabani Holdings კი, თავის მხრივ, პირდაპირ სრულად ფლობს „ხრამჰესი I“-სა და „ხრამჰესი II“-ს.
„თელასი“ და „ხრამჰესი 1/2“ Inter RAO UES-მა წინა ხელისუფლებების დროს, 2003 და 2011 წლებში შეიძინა.
0
0