21/06/2022
13:04
პოლიტიკა
„ამ მნიშვნელოვან მომენტში, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ ერთმანეთის პატივისცემა უნდა ვისწავლოთ, ვცადოთ ერთად მუშაობა იმ საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის მომავალსა და ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება. ჩვენ არავინ გვთხოვს, ყველაფერში დავეთანხმოთ ერთმანეთს, მაგრამ ამ ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავლისთვის, იქნებ შევძლოთ ზიზღისა და სიძულვილის გარდაქმნა კონსტრუქციულ, საქმეზე ორიენტირებულ კრიტიკად და ხშირად დესტრუქციული და არაფრისმომცემი ინიციატივების ჩანაცვლება იმ ინიციატივებით, რომლებიც რეალურად დაეხმარება ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„იქნებ ვცადოთ, სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების პატივისცემა, ნაცვლად მათი ფეხქვეშ თელვის მცდელობებისა. ძლიერი ინსტიტუტების გარეშე, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წარმატება წარმოუდგენელია.
იქნებ ვცადოთ და ის სულისკვეთება, რომლის გამოხატვასაც შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ 100 დღე ველოდეთ ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, ამ შენობაში ვიპოვოთ. ამ ფონზე, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები, რომლებიც ბოლო დღეებში გაისმა, სრულიად ეწინააღმდეგება იმ გზავნილს, რომელიც ბრიუსელიდან მივიღეთ.
ახლა არ არის ხელისუფლებისა და ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობების დრო, არც ერთმანეთისკენ ხელის გაშვერისა და იმ ამომრჩეველს შეურაცხყოფის, რომელიც თითოეული ჩვენგანის უკან დგას. ამ უმნიშვნელოვანეს მომენტს საქართველოს ისტორიაში სათანადო შეფასება და პოლიტიკურ პროცესებში მეტი პასუხისმგებლობით ჩართულობა სჭირდება“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0