
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირიდან ალკოჰოლური სასმელების იმპორტზე 200%-იანი ტარიფების დაწესებით იმუქრება, თუ ევროკავშირი ვისკიზე დაწესებულ 50%-იან ტარიფს არ გააუქმებს. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა.
„ევროკავშირმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მტრულმა და არაკეთილსინდისიერმა საგადასახადო და სატარიფო ორგანომ, რომელიც შეიქმნა ერთადერთი მიზნით – გამოიყენოს შეერთებული შტატები, ახლახან დააწესა ვისკიზე საძაგელი 50%-იანი ტარიფი. ეს ტარიფი თუ დაუყოვნებლივ არ გაუქმდება, აშშ მალე დააწესებს 200%-იან ტარიფს საფრანგეთიდან და ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან იმპორტირებულ ყველა სახის ღვინოზე, შამპანურსა და ალკოჰოლურ პროდუქტზე. ეს შესანიშნავი იქნება ღვინისა და შამპანურის ბიზნესისთვის აშშ-ში“, – წერს ტრამპი.
მანამდე ევროკავშირმა განაცხადა, რომ აპირებს 26 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ პროდუქტზე საპასუხო ტარიფების დაწესებას მომავალი თვიდან. ამავდროულად, ევროკავშირში განაცხადეს, რომ მზად არიან, იმუშაონ აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რათა მოიძებნოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გზით. ზემოხსენებული ზომები შეიძლება გაუქმდეს ნებისმიერ მომენტში, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
0
0