19/11/2024
11:11
მსოფლიო
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები გაუმართლებელია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა.
„რუსეთში ბალისტიკური რაკეტების გაგზავნის შესახებ ცრუ ცნობების საფუძველზე, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რიგი ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას, ირანი განიხილავს როგორც გაუმართლებელ ქმედებას, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარების გამო ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქციების სიას ის გემები და პორტები დაემატა, რომლებიც ირანული წარმოების დრონების, რაკეტების, ტექნოლოგიებისა და კომპონენტების გადასაზიდად გამოიყენება. ევროკავშირმა ირანის ეროვნული საზღვაო გადამზიდი კომპანია Islamic Republic of Iran Shipping Lines-ი (IRISL) და მისი დირექტორი, მუჰამედ რეზა ხიაბანი დაასანქცირა.
მოგვიანებით, დიდმა ბრიტანეთმა ირანის ეროვნულ ავიაკომპანიასა და საზღვაო გადამზიდ კომპანიას სანქციები დაუწესა და განაცხადა, რომ აღნიშნული ნაბიჯი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემაზე პასუხს წარმოადგენდა.
0
0