-share.jpg)
გაუმჭვირვალე თვითგამოცხადებულმა „ანალიტიკურმა ცენტრმა“, რომელიც კომერციულ ფირმებს ევროკავშირის პოლიტიკოსებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან წვდომით უზრუნველყოფს, საფინანსო სექტორიდან 6 მილიონამდე ევრო მიიღო. დიდი მოცულობის შემოსავლების მეშვეობით, Eurofi-ი [პარიზში მოქმედი არაკომერციული ასოციაცია] ერთ-ერთი უდიდესი ჯგუფი გახდა, რომელიც ევროკავშირს ლობირებს, მიუხედავად იმისა, რომ მას სრულ განაკვეთზე მომუშავე მხოლოდ 3 თანამშრომელი ჰყავს და მისი ანგარიშები საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
Eurofi-ის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეხვედრების წინ, წელიწადში ორჯერ, დახურულ კარს მიღმა ლობისტური შეკრების ორგანიზებას, რომელშიც მონაწილეობენ ევროპის მაღალჩინოსნები, ცენტრალურ ბანკები და ფინანსური ინსაიდერები.
როგორც POLITICO წერს, ევროპარლამენტის მაღალჩინოსნებმა - გერმანელმა დეპუტატმა მარკუს ფერბერმა, ფრანგმა ევროპარლამენტარმა სტეფანი იონ-კურტინმა, ჰოლანდიელმა დეპუტატმა პოლ ტანგმა და ესპანელმა დეპუტატმა იონას ფერნანდესმა - გაამჟღავნეს, რომ Eurofi-მა მათ გადაუხადა მდიდრულ სასტუმროებში განთავსებისა და, 2021-2023 წლებში, ღონისძიებებზე დასწრებისთვის საჭირო ხარჯები. წლების განმავლობაში პირველად საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, 2023 წელს, ორგანიზაციის წევრების მიმართ დაწესებული გადასახადების მეშვეობით, ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობამ 5,7 მილიონი ევრო შეადგინა. Eurofi-ის წევრებია უმსხვილესი ბანკები, საფონდო ბირჟები და ტექნიკური გიგანტები - მათ შორის BlackRock-ი, Goldman Sachs-ი და American Express-ი.
„ევროკავშირში არსებული ლობირების ხასიათი შეშფოთებას იწვევს: ვინ იხდის თანხას და რამდენს - და რა ტიპის გავლენას „ყიდულობენ“ ისინი ამ ფულით? ბოლო წლებში, ბრიუსელში ფინანსური სექტორის გავლენა აისახა ბანკებისა და მზღვეველებისთვის უფრო მარტივი წესების დადგენასა [ვიდრე ამას მარეგულირებლები მოითხოვდნენ] და რეფორმების შერბილების მხრივ მიღწეულ წარმატებაში, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ზიანი მიაყენოს სექტორის ინტერესებს.
„ეს ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე ჯგუფია. ნამდვილად უცნაურია, რომ ასეთი მსხვილი ბიუჯეტი მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა შექმნას“, - თქვა კორპორატიული ევროპის ობსერვატორიის მკვლევარმა კენეტ ჰაარმა.
Eurofi-ის სისტემა ბრიუსელის სხვა მსხვილი ლობებისგან განსხვავდება, რომლებიც აფართოებენ თავიანთ ოფისებს, რათა ხელი შეუწყონ პოლიტიკის კონტროლს და მოწინავე ევროკრატების ყურადღება მიიქციონ. Eurofi-ი ამტკიცებს, რომ ის არ წარმოადგენს ფინანსური ინდუსტრიის ინტერესებს და მხოლოდ დისკუსიის პლატფორმას უზრუნველყოფს. თუმცა თავისი „ფინანსური წონა“ მას ბრიუსელში ერთ-ერთ უმსხვილეს ლობისტურ ორგანიზაციად აქცევს, ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების შემდეგ, როგორებიცაა Google-ი და Apple-ი, რომლებმაც ბრიუსელის „სისტემაზე“ ზემოქმედებისთვის დიდი რესურსები დახარჯეს.
Eurofi-ს 100-ზე მეტი წევრი ჰყავს და მისი ბიუჯეტი, 2020 წლის ბოლო ხელმისაწვდომ მაჩვენებელთან [3.9 მილიონი ევრო] შედარებით, თითქმის 50%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ Eurofi-ს უფრო მეტი რესურსი აქვს, ვიდრე ძირითად საბანკო ლობებს, ფარმაცევტული ინდუსტრიის წამყვან ლობს (ევროპის ფარმაცევტული ინდუსტრიისა და ასოციაციების ფედერაცია) და ბიზნეს ჯგუფ BusinessEurope-ს,“ - წერს POLITICO.
„ის ძალიან მარტივად უკავშირდება საჯარო მოხელეებს და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს და, როდესაც ორგანიზაცია ბიუჯეტს ზრდის, უფრო მეტი წვდომა აქვს,” - თქვა ჰაარმა.
სექტემბერში, დღის წესრიგის ფარგლებში, ბუდაპეშტში დაგეგმილ შეხვედრას დაესწრებიან საფრანგეთის ცენტრალური ბანკის მმართველი ფრანსუა ვილეროი დე გალჰაუ, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი ნადია კალვინო და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკი, ასევე ფინანსური სექტორის ასობით წარმომადგენელი. POLITICO-ს არაერთმა ფინანსურმა ლობისტმა განუცხადა, რომ ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ Eurofi-ის მიმართ, ასევე მისი „დაუშვებელი“ ხარჯებისა და კერძო სისტემის გამო.
POLITICO-მ Eurofi-სთან დაკავშირება გამჭვირვალობის რეესტრის ვებსაიტზე მითითებული ნომრის საშუალებით სცადა. Eurofi-ის უფროსმა თანამშრომელმა ჟან-მარი ანდრესმა თავდაპირველად უპასუხა POLITICO-ს შეკითხვებს, შემდეგ კი ელ.წერილი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მას ჟურნალისტებთან საუბრის უფლებამოსილება არ აქვს. მისივე განმარტებით, Eurofi-ი განიხილება არა როგორც ლობისტი, არამედ, როგორც დისკუსიების ორგანიზატორი. მისი ბიუჯეტის გაზრდა კი განპირობებულია ინფლაციით და შეხვედრებისთვის უფრო დიდი სივრცის მქონე ადგილების დაქირავების აუცილებლობით.
Eurofi-ის მტკიცებით, ის „არ წარმოადგენს კომერციულ ინტერესებს“ და „საერთო ფინანსური ბაზრის გაუმჯობესების მიზნით, ზოგადი ინტერესის პერსპექტივით მოქმედებს“. გამჭვირვალობის კამპანიის მონაწილეების განცხადებით, პარადოქსულია, რომ მსხვილი ფინანსური ფირმები, როგორებიცაა Amazon Web Services-ი და J.P. Morgan-ი, [Eurofi-ს] აფინანსებენ იმისთვის, რომ თავიანთ კონფერენციებზე მარეგულირებლების ჩიხში მოქცევა შეძლონ.
როგორც ფინანსური ინსაიდერები ამბობენ, Eurofi-ი თავისი სექტორის წევრებს 50 000 ევროს ახდევინებს, ხოლო გალა-ვახშამის მოწყობისთვის ან შეხვედრებისთვის განკუთვნილი სივრცისთვის დამატებით საფასურს მოითხოვს.
Eurofi-ს აკონტროლებს დევიდ რაიტი, ევროკავშირის ყოფილი ჩინოვნიკი, და ყოველდღიურად ხელმძღვანელობს ფრანგი დიდიე კაენი. Eurofi-ი კონფერენციებს მთლიანად დახურულ კარს მიღმა ატარებს. შეხვედრებზე ჟურნალისტების დასწრება აკრძალულია. გასულ წელს, როდესაც ესპანეთში, სანტიაგო დე კომპოსტელაში, კონფერენცია მიმდინარეობდა, POLITICO-ს ჟურნალისტი სასტუმროს ვესტიბიულის ზონიდან გააძევეს. ხარჯებისა და გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებული კრიტიკის მიუხედავად, ევროკავშირის ოფიციალური პირები Eurofi-ის კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას კვლავ აგრძელებენ.
0
0