
ვარშავაში ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს გაწევრიანების მსურველმა პარტნიორმა ქვეყნებმა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ ალბანეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის, კოსოვოს, ჩერნოგორიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლები. შეხვედრას საქართველოს წარმომადგენელი არ ესწრებოდა.
შეხვედრას უძღვებოდა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ ისაუბრა.
„პირველი შეხვედრის დროს ოთახში ერთი ცარიელი სკამი იდგა. ეს ცარიელი სკამი საქართველოს ელოდებოდა. საქართველო თავისი სიტუაციიდან გამომდინარე და მისი ამჟამინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში. ჩვენ თითები გადაჯვარედინებული გვაქვს საქართველოსთვის და ვიმედოვნებთ, რომ მოგვიანებით საქართველოც შემოგვიერთდება“, – განაცხადა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრმა, ადამ შლაპკამ.
0
0