13/01/2025
14:35
მსოფლიო
ხორვატიის მოქმედმა პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა, ევროკავშირისა და ნატოს კრიტიკოსმა, კვირას კიდევ ერთი ხუთწლიანი ვადა მოიგო. მან არჩევნების მეორე ტურში მმართველი კონსერვატიული პარტიის, HDZ-ის კანდიდატი დაამარცხა.
მილანოვიჩი ასევე არის ხორვატიის პრემიერ-მინისტრის ანდრეი პლენკოვიჩისა და მისი მთავრობის ოპონენტი. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საკუთარ გამოსვლაში ზორან მილანოვიჩმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვება ამომრჩევლების ნდობის ნიშანია, ასევე წარადგინა გზავნილი "ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ მათთვის, ვისაც ამის მოსმენა სჭირდება".
როგორც გამოცემა წერს, მილანოვიჩი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია ხორვატიაში და პოლიტიკურ ოპონენტებთან კომუნიკაციის საბრძოლო სტილის გამო, მას ზოგჯერ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც ადარებენ.
ამასთან, ზორან მილანოვიჩმა უარყო, რომ ის პრორუსია, თუმცა გასულ წელს მან დაბლოკა ხუთი ხორვატი ოფიცრის გაგზავნა ნატოს მისიაში გერმანიაში, სახელწოდებით "უსაფრთხოების დახმარება და ტრენინგი უკრაინაში". მან ასევე პირობა დადო, რომ არასოდეს დაუჭერს მხარს ხორვატი ჯარისკაცების გაგზავნას ნატოს ნებისმიერი მისიის ფარგლებში უკრაინაში. პლენკოვიჩი და მისი მთავრობა კი ამბობენ, რომ ასეთი წინადადება არ არსებობს.
კვირას, არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, მილანოვიჩმა კვლავ გააკრიტიკა ევროკავშირი, როგორც "ბევრი თვალსაზრისით არადემოკრატიული".
"ევროკავშირის პოზიცია, რომ "თუ თქვენ არ ფიქრობთ ისევე, როგორც მე, მაშინ თქვენ მტერი ხართ", ნიშნავს "მენტალურ ძალადობას", თქვა მილანოვიჩმა. "ეს არ არის თანამედროვე ევროპა, რომელშიც მინდა ვიცხოვრო და ვიმუშაო, მე ვიმუშავებ მის შეცვლაზე, რამდენადაც შემიძლია, როგორც პატარა ერის პრეზიდენტს", - განაცხადა მილანოვიჩმა.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025