
ბელგრადში მრავალი ათასი ადამიანი შეიკრიბა ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის არმიის ყოფილი მეთაურის, რატკო მლადიჩის დაკრძალვაზე, რომელიც საერთაშორისო სასამართლომ სამხედრო დანაშაულებისა და გენოციდისთვის გაასამართლა.
მიუხედავად იმისა, რომ სერბეთის ხელისუფლების წარმომადგენლბმა განაცხადეს, რომ ცერემონიას არ დაესწრებოდნენ, დაკრძალვის ცერემონიაზე სერბეთის იუსტიციის, კულტურის, თავდაცვისა და სახელმწიფო ინვესტიციების მინისტრები იმყოფებოდნენ. ასევე რუსეთის ელჩი სერბეთში ალექსანდრ ბოცან-ხარჩენკო და პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის ვაჟი დანილო. დაკრძალვაზე ბოსნიელი სერბების პოლიტიკური წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ფორმალურად დაკრძალვის ორგანიზებას მლადიჩის ოჯახი ხელმძღვანელობდა, თუმცა გასულ კვირას სერბეთის მთავრობამ თვითმფრინავი გაგზავნა მისი ნეშტის ჰააგიდან ბელგრადში გადასასვენებლად; მას იუსტიციის მინისტრი ნენად ვუიჩი ახლდა. მანამდე, ბელგრადში ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ მლადიჩს სამხედრო და სახელმწიფო პატივის გარეშე დაკრძალავდნენ. თუმცა, ცალკეული ოფიციალური პირები, მათ შორის თავად ვუიჩი, სრულიად განსხვავებულ რამეს ამბობდნენ.
სერბეთი, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, მკაცრი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა მლადიჩისთვის პატის მიგების გამო.
ევროკავშირში განაცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებში მსჯავრდადებული სამხედრო დამნაშავეების განდიდების ადგილი არ არის.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, პროტესტის ნიშნად სერბეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა და განაცხადა, რომ „განდიდება, რაც მის სიკვდილს მოჰყვა, შეუთავსებელია იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ევროკავშირში ინტეგრაციის გზა ეფუძნება“.
„სამხედრო დამნაშავეების ნებისმიერი ფორმით განდიდება, გენოციდის უარყოფა და რევიზიონიზმი ეწინააღმდეგება ევროპულ ძირითად ღირებულებებს, ამიტომ მათ ადგილი არ აქვთ არც ევროკავშირში და არც კანდიდატ ქვეყნებში“, -ნათქვამია ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებაში.
თუმცა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელიც დაკრძალვას არ დასწრებია, გამოსამშვიდობებელ ცერემონიას „ემოციური აფეთქება“ უწოდა, რომელიც „არანაირ კავშირში არ არის იმასთან, დართო თუ არა ვუჩიჩმა რაიმეს ნება“.
ცნობისთის: ატკო მლადიჩი დამნაშავედ ცნეს 1995 წლის ივლისში, სრებრენიცაში, 8 000-ზე მეტი ბოსნიელის გენოციდის ორგანიზებაში, ასევე სარაევოს მრავალწლიანი ალყისათვის, როდესაც მისი ჯარები ყოველდღიურად ბომბავდნენ ქალაქს და ბოსნიის დედაქალაქის მცხოვრებლებს ხვრეტდნენ.
27 აგვისტოს ჰააგაში მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობის შემდეგ, მისმა მხარდამჭერებმა სამგლოვიარო შეკრებები გამართეს, ბელგრადში მისი გამოსახულებით მურალები მოხატეს და მის პატივსაცემად მაშხალები დაანთეს.
კვირას საღამოს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ გულშემატკივრებმა საფეხბურთო მატჩზე მლადიჩის გამოსახულებიანი დიდი ბანერი გამოფინეს წარწერით, რომელიც სრებრენიცის მასობრივ დახვრეტებს ეხმიანებოდა და მის სახელს სკანდირებდნენ.
სერბეთი უარს ამბობს აღიაროს, რომ სრებრენიცაში გენოციდი მოხდა და ათასობით ადამიანის მასობრივ სიკვდილით დასჯას მხოლოდ „შემაძრწუნებელ დანაშაულს“ უწოდებს.
0
0