რუსული სპეცსამსახურები სერბ აგენტს იყენებენ ევროკავშირის ინსტიტუტებში შესაღწევად და უკრაინაში ინტერვენციის შესახებ კრემლის პროპაგანდის გასავრცელებლად, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალებისთვის გახდა ცნობილი, 2023 წლის ოქტომბერში სერბეთის მოქალაქემ, ნოვიცა ანტიჩმა, „გავლენის აქტიური აგენტი“, რომელიც, დოკუმენტების თანახმად, მჭიდროდ მუშაობდა რუსული უსაფრთხოების სამსახურთან, შეხვედრები გამართა ევროპელ მაღალჩინოსნებთან ბრიუსელში. კერძოდ, კი ევროპარლამენტის წევრებთან.
„პოლიტიკო“ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ ევროპარლამენტარებს შორის იყვნენ ვიოლა ფონ კრამონი (გერმანია), ალესანდრა მორეტი (იტალია) და ვლადიმირ ბილჩიკი (სლოვაკეთი).
ამასთან, მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ დასავლური დაზვერვის ანგარიშში არაფერი იყო ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, შეხვედრისას იცოდნენ თუ არა მორეტიმ, ბილჩიკმა და ფონ კრამონმა სერბეთის მოქალაქის „ეფესბესთან“ კავშირების შესახებ.
გამოცემა „პოლიტიკომ“ ზემოთ აღნიშნულ კანონმდებლებს კომენტარის გაკეთება სთხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
მედიასაშუალება წერს, რომ ანტიჩი, რომელიც სერბეთის სამხედრო სავაჭრო კავშირის თავმჯდომარეა, ასევე შეხვდა ევროკავშირში შეიარაღებული ძალებისა და საჯარო სამსახურების თანამშრომლებს, პროფკავშირების EUROMIL-ისა და EPSU-ს წარმომადგენლებს. დასავლური სადაზვერვო სამსახურების თანახმად, ანტიჩი არის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის „გავლენის აქტიური აგენტი“. ის თანამშრომლობს „ეფესბესთან“ დაკავშირებულ პირთან, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ კალინინთან, რომელიც არის გამოცემა Veteran News-ის გამოცემა. აღნიშნული გამოცემა არის „ეფესბესა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო პარტნიორი.
0
0