
ევროკავშირის ექვსი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები თავშესაფრის მინიჭების წესების გამკაცრების ზომებზე შეთანხმდნენ.
გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ავსტრიის, ჩეხეთისა და დანიის შინაგან საქმეთა მინისტრებისა და საშინაო საკითხებში ევროკომისრის, მაგნუს ბრუნერის შეხვედრა გერმანიის ყველაზე მაღალ მწვერვალ ზუგსპიტცზე გაიმართა.
თავშესაფრის მინიჭების შეთანხმებული წესები, რომლებსაც ბრიუსელისგან დამტკიცება სჭირდება, ითვალისწინებს ევროკავშირის გარეთ არსებულ დაცულ ცენტრებში იმ მიგრანტების გადაყვანას, რომლებსაც თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრეს, ასევე ითვალისწინებს თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მესამე ქვეყნებში გავლას, ავღანეთსა და სირიაში დეპორტაციების დაშვებას.
გერმანიის ახალმა მთავრობამ უკვე გაამკაცრა საიმიგრაციო პოლიტიკა, მათ შორის, დააწესა სასაზღვრო კონტროლი და შეაჩერა ოჯახების გაერთიანების პროგრამა.
„ჩვენ ყველა შეშფოთებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყნის არალეგალური მიგრაციით გადატვირთვა ასევე ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას. ჩვენ გვინდა, ვებრძოლოთ ამ პოლარიზაციას“, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ დობრინდტმა.
მინისტრების ერთობლივ დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ უკანონო მიგრაციის პრობლემასთან გასამკლავებლად გამოყენებული იქნება ვაჭრობა და განვითარების კუთხით დახმარება, რათა წაახალისონ მიგრანტების სამშობლოში დაბრუნება, გააძლიერონ მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა. ასევე ექვსი ქვეყანა შეთანხმდა ადამიანების საზღვარზე უკანონოდ გადამყვანი პირებისა და ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაზე.
0
0