24/04/2023
10:51
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ბატონ გვარამიას, მისი საკონსტიტუციო უფლებაა შეიწყალოს ის, ვისი შეწყალებაც სურს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც მას დაუსვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, უნდა შეიწყალოს თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ნიკა გვარამია.
კითხვაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ნიკა გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროპული მომავლისთვის, ელჩმა უპასუხა, რომ ევროკავშირის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს და დამოუკიდებლობას ეხება.
„როგორც იცით, 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი ეხება მედიის თავისუფლებას, პროფესიონალიზმს, დამოუკიდებლობას. თავისუფალი გამოხატვის უფლება არის ერთ-ერთი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი ეფუძნება. ასე რომ, ჩვენ ამ და სხვა საქმეებს ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჯერ კიდევ არის დრო, სანამ ევროკომისია შეფასებას წარადგენს ანგარიშის სახით. ეს ანგარიში გამოქვეყნდება ოქტომბერში და წევრი ქვეყნები, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებზე მიმდინარე წლის დეკემბერში“, - აღნიშნა ელჩმა.
0
0