28/05/2023
12:46
პოლიტიკა
„საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში,როგორც ჩანს, დღის წესრიგის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იქნება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ოდიოზური ფიგურის ფადი ასლის მიერ ქართული საზოგადოების წინაშე დაყენებული არჩევანი: „ოკუპირებული ტერიტორიების გასხვისებით - ცივილიზებულ ევროპაში, ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით - რუსეთის ჭაობში,“ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ამ რიტორიკის გაგრძელებაა სალომე ზურაბიშვილის მიერ 26 მაისს წარმოთქმული სიტყვა, სადაც მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე არ უსაუბრია. კაკაბაძე ასევე აღნიშნავს, რომ ევროინტეგრაციის ფასად ტერიტორიების დაკარგვა საქართველოს ინტერესებში არ შედის, ხოლო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება სახელმწიფოს სწორედ ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად სჭირდება.
ნახევრად ქართველი პრეზიდენტი, ნახევრად ფრანგი რეზიდენტი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში,როგორც ჩანს, დღის წესრიგის ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იქნება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ოდიოზური ფიგურის ფადი ასლის მიერ ქართული საზოგადოების წინაშე დაყენებული არჩევანი:
„ოკუპირებული ტერიტორიების გასხვისებით - ცივილიზებულ ევროპაში, ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით - რუსეთის ჭაობში“.
ამაზე მიუთითებდა მადამ პრეზიდენტის მიერ 26 მაისს წარმოთქმული სიტყვა, სადაც მან ბევრი ისაუბრა ევროინტეგრაციის უზენაეს მიზანზე, მაგრამ ერთი სიტყვითაც არ უხსენებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა. 27 მაისსაც გაგრძელდა დაუსწრებელი პოლემიკა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს პირდაპირ არ შეხებია და თავისი 12-წუთიანი გამოსვლის 1/3 პროტოკოლის კრიტიკას მიუძღვნა და დაიჩივლა, რომ პრეზიდენტს პროტოკოლი სათანადო პატივისცემით არ ეპყრობა, პრემიერმა კი თითქმის თანაბარი დრო დაუთმო ქვეყნის გამთლიანებისა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებს.
სამაგიეროდ პრეზიდენტმა ერთი საინტერესო მინიშნება გააკეთა: „რუსეთში მილიონი ქართველი აღარ არის, არის ნახევარ მილიონამდე, ისიც ნახევრად ქართველები, ნახევრად რუსები“-ო.
მართალია, შემდეგ ზოგადად იმაზეც ისაუბრა, რომ უცხოეთში მცხოვრებ ყველა ეთნიკურ თუ შთამომავლობით ქართველს საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიენიჭოსო და მათ შორის ალბათ ეს ნახევრად გარუსებულებიც იგულისხმა, მაგრამ ამ ნახევარნახევარზე აქცენტის გაკეთებამ ყველას მაშინვე თვითონ მადამ პრეზიდენტის ნახევარ-ნახევარი მდგომარეობა გაახსენა, რაზეც პრემიერმაც გააკეთა მინიშნება თავის გამოსვლაში.
მოკლედ, აქ ორი საკითხია გასარკვევი:
1. არის თუ არა ურთიერთთავსებადი მიზნები ევროინტეგრაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა
2. შეიძლება თუ არა საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ყველა ნახევრად ქართველისთვის (ანუ ნახევრად რუსი, ფრანგი, ამერიკელი, იტალიელი, ინგლისელი, თურქი, ირანელი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ა.შ.) ეთნიკური ქართველისთვის და გამოიწვევს თუ არა ეს იმის საფრთხეს, რომ მათში იმ მეორე ნახევარმა იმძლავროს და არა ქართული, არამედ რუსული, ფრანგული, ამერიკული, იტალიური, ინგლისური, თურქული, ირანული, სომხური, აზერბაიჯანული და ა.შ. ინტერესები გაატაროს საქართველოს ხელისუფლებაში აღმოჩენისას.
პირველ კითხვაზე ჩვენთვის პასუხი მარტივი და ნათელია, რადგან ევროკავშირიც, ნატოც და სხვა გაერთიანებებიც ჩვენთვის მხოლოდ საშუალებაა მთავარი მიზნის, საქართველოს დეოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, თორემ თუ პირიქით, დასავლეთი ევროინტეგრაციის ფასად ტერიტორიების დაკარგვა ჩვენ თვითონ გავაფორმეთ, ასეთი კავშირები საქართველოს ინტერესებში არ უნდა იყოს.
მეორე კითხვაზე პასუხი უფრო რთულია, რადგან ძნელია იმისა გაზომვა, რომელ კონკრეტულ ეთნიკურად ნახევარ-ნახევარ ქართველში რამდენად ჭარბობს ქართული სული მეორე ეთნოსის „ნახევარს“, ეს ალბათ ყოველ კონკრეტულ ინდივიდზეა დამოკიდებული. თვითონ მადამ პრეზიდენტის მაგალითი კი გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ნახევრად ქართველი პრეზიდენტი იმავდროულად ნახევრად ფრანგი რეზიდენტი. ისე, პრეზიდენტის უფლებამოსილების დარჩენილ წელიწად-ნახევარზე ნაკლებ დროში, როგორც ჩანს, კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ველოდეთ სალომესგან და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ,” - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.
0
0