12/07/2025
15:28

დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილსა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს, კრისტოფ კამპს შორის შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და HCNM-ის წარმატებული, ხანგრძლივი და შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობა, რომელიც ეფუძნება მჭიდრო დიალოგს.
„დადებითად შეფასდა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და შესაბამისი სამთავრობო სტრატეგიების ეფექტიანი განხორციელება, რაც მორგებულია ეთნიკურ უმცირესობათა კონკრეტულ საჭიროებებზე.
მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ მხრივ საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმართ ერთგულება.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ეუთო-ს ჩართულობასა და ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გამოხატეს მზაობა, განაგრძონ თანამშრომლობა ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისარის ოფისსა და ორგანიზაციის სხვა ინსტიტუტებთან“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
0
0