
ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს, სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
კერძოდ, პაველ ჰერჩინსკიმ ევროკავშირის მხრიდან სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა, მისი თქმით, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას.
„როგორც უკვე დიდი ხანია ვამბობთ, ევროკავშირი ვერ შეეგუება ძალადობას, დაუსჯელობასა და დაშინებას, რომელიც უკვე, თითქმის, სამი თვეა გრძელდება. სწორედ ამიტომ, ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებაზე ვმუშაობთ. ევროკავშირის შემთხვევაში სანქციების დაწესება ერთსულოვნებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ეს ერთსულოვნება არ არსებობს. არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ერთსულოვნებას არ უერთდებიან, მაგრამ ჩვენი ხელმძღვანელობა ცდილობს. ვიცი, რომ არის მცდელობა საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, რომლებიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებლები არიან. დღეისთვის, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება არ არსებობს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკავშირის ელჩმა მიზანმიმართული სანქციების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
„არის რამდენიმე პირი, რომლებიც ჩვენ გამოვყავით, როგორც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები და წევრი სახელმწიფოები მათ სახელებს განიხილავენ. სანქციების დაწესებას ერთსულოვნება სჭირდება და ამ დროისთვის ჩვენ ეს არ გვაქვს, მაგრამ ვცდილობთ, რომ ამას მივაღწიოთ“, - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.
0
0