
ევროკავშირი უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
სააგენტო ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები 6 მარტს დაგეგმილ სამიტზე განიხილავენ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს, რომელიც რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის შეწყვეტის შესაძლო მოლაპარაკებებზე ევროკავშირს წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას თქმით, სპეციალური სამიტი ევროპის თავდაცვის საკითხებს მიეძღვნება.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, სამიტზე განხილვები მიმართული იქნება თავდაცვის საკითხებზე ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებისკენ, როგორც ევროპის კონტინენტის შეიარაღების გაძლიერების, ასევე უკრაინასთან მიმართებაში. სააგენტოს ცნობით, განხილვები ასევე შეეხება უკრაინის „სამშვიდობო მოლაპარაკებებში“ მონაწილეობისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას.
მანამდე კიევში განაცხადეს, რომ ევროპულმა ქვეყნებმა სწრაფად უნდა დანიშნონ პირი, რომელიც წარმოადგენს ევროპას რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ მოლაპარაკებებში.
ეს იდეა მხარდაჭერილია რამდენიმე ევროპელი ლიდერის, მაგალითად, ფინეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ სტუბის მიერ, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპას სჭირდება სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა უკრაინაში მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის.
0
0