
გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ საქართველოს მოსახლეობას კანდიდატის სტატუსი არ ეკუთვნის, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრმა ეს განცხადება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გააკეთა.
პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ.
"ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, რომ გეოპოლიტიკური მოსაზრებებით და ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით, ჩვენს ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, მე ამ გამარჯვებას მოვულოცავ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ მივულოცავ ასევე გამარჯვებას "ქართულ ოცნებაზე," - ამბობს სალომე სამადაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ერთი დეპუტატის განცხადება ოპოზიციის აზრს არ ნიშნავს.
"ერთ დეპუტატის განცხადება არ ნიშნავს ოპოზიციის აზრს. მით უმეტეს, არ ნიშნავს "სტრატეგია აღმაშენებლის" პოზიციას. მე პირდაპირ გიდასტურებთ, რომ საქართველოს იმაზე დიდი ეროვნული ამოცანა, ვიდრე არის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის, ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს," - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
გუბაზ სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.
"რეალობა არის ის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული აქვს. ხაზგასმით გეუბნებით, ჩვენ კანდიდატის სტატუსი უკვე მიღებული გვაქვს, ოღონდ არა ოცნების ვითომ რეფორმების გამო, არამედ ჩვენი მოქალაქეების დამსახურებით. ვიღაცები რომ ამბობენ, რომ ჩვენ თითქოს არ ვიმსახურებთ, ამ ადამიანებს ვურჩევდი, რომ პირდაპირ შეუერთდნენ ოცნებას," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
0
0