
დღეს ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდნენ, რათა კიდევ ერთხელ დაადასტურონ და წინ წაწიონ ევროკავშირსა და სომხეთს შორის გაძლიერებული პარტნიორობა. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და პრეზიდენტი კოსტა მიესალმნენ სომხეთის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს და გამოთქვეს მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული რეფორმების მიმართ. ამის შესახებ მხარეთა ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
შეხვედრის დროს ლიდერები მიესალმნენ ევროკავშირ-სომხეთის ახალი პარტნიორობის დღის წესრიგის ტექსტზე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ შეთანხმებას, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია ურთიერთობების გაღრმავებისადმი, მათი საერთო ვალდებულების მისაღწევად. ისინი, ასევე მიესალმნენ ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს და სომხეთის ბოლოდროინდელ კანონს "ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყების შესახებ“.
ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე ვალდებულება, მხარი დაუჭიროს სომხეთის მდგრადობას და გრძელვადიან განვითარებას მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარებით.
ამ კონტექსტში, ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა სომხეთის "მშვიდობის გზაჯვარედინის“ ინიციატივის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირისა და შერიგების ხელშეწყობას. პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა და პრეზიდენტმა კოსტამ, ხაზი გაუსვეს სომხეთის მიმდინარე ძალისხმევას სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის გასაძლიერებლად, კერძოდ, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებისა და თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის გადადგმული ნაბიჯების გამო. ლიდერებმა ხაზი გაუსვეს სომხეთის ჩართვის მნიშვნელობას ევროკავშირის რეგიონულ და ეკონომიკურ ინიციატივებში, კერძოდ, შავი ზღვის სტრატეგიის ფარგლებში.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა და პრეზიდენტმა კოსტამ მადლობა გადაუხადეს სომხეთს მჭიდრო თანამშრომლობისა და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად გადადგმული ნაბიჯებისთვის. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ერთად, ისინი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ ძალისხმევას ამ მიმართულებით.
0
1