11/05/2023
15:07
მსოფლიო
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მხარი დაუჭიროს რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციებს, რომლებიც დაწესდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ცდილობს გახდეს გაერთიანების წევრობის კანდიდატი, დაიცვას მოქმედი ევროპული სანქციები, როგორც ამას ევროკავშირის სხვა პარტნიორები აკეთებენ, განსაკუთრებით საავიაციო სექტორში“, - განაცხადა სტანომ.
მანვე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების მიზნით, საქართველომ არ უნდა დაუშვას ქვეყანაში რუსული თვითმფრინავების ჩამოსვლა.
„ბოლოს და ბოლოს, სანქციების გამო რუსეთის საავიაციო ფლოტის 95% ვერ მოდერნიზდება ან რემონტდება, რაც უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს“, - დასძინა სტანომ.
მოსკოვის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ კითხვაზე, სტანომ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, გამოიყენონ თუ არა ახალი რეჟიმი და ევროკავშირი ამ საკითხზე განცხადებებს არ გააკეთებს.
0
0