"ქართული ოცნების" დეპუტატი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნა და საქართველოსთან პროცესის შეჩერება, უსამართლოა. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველო EU-ს წევრი ორ ქვეყანაზე ადრე გახდება.
"საქართველო ამ ორ ქვეყანაზე ადრე გახდება ევროკავშირის წევრი. ჩვენი მეგობრები უნდა მიხვდნენ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით უკრაინასა და მოლდოვაზე წინ დგას. არ ვეხები უკრაინას. მას დიდი პრობლემა აქვს, ომშია. ავიღოთ მოლდოვა. ერთი და ორი პროცენტით კი არა, ძალიან ბევრით წინ ვართ მასზე: დემოკრატიის, მედიის თავისუფლების, კორუფციის, ეკონომიკის მიმართულებით. ბოლოს და ბოლოს ესენგეს [დსთ] წევრია. რატომ აკეთებენ ამას ჩვენი მეგობრები, მიკვირს. მათ თუ ჩვენთან მეგობრობა უნდათ, მეგობრობა ცალმხრივი არ არიას. მე რომ გემეგობრები, შენც ანალოგიურად უნდა მოიქცე. როდესაც ამას საზოგადოება ხედავს, მას გარკვეული ნიჰილიზმი უჩნდება იმ მეგობრის მიმართ, რომელიც ასე იქცევა", - აცხადებს ბეჟან წაქაძე.
დეპუტატი ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს ჩაგრავს.
“... იმის გამო, რომ ლგბტ პარადი [მარში] არ განვახორციელეთ და მათთან განხორციელდა რამდენიმე დღის წინ და დიდი სიხარულით მიიღეს და მოუწოდეს [ევროკავშირში], რომ შემდეგი ნაბიჯი იქნება ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ჩვენ ეს არ მივიღეთ და ამ კანონს [ანტი ლგბტ] ვიღებთ” - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.
0
0