24/11/2024
22:13
სპორტი
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი თბილისში ფინეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა 81:64 მოიგო.
„თბილისი არენაზე“ შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მატჩი 50 წუთის დაგვიანებით დაიწყო, პრობლემა დარბაზში დამონტაჟებულ ტაბლოს ჰქონდა.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, პირველი მეოთხედი ფინეთმა 21:17 მოიგო. ტრადიციულად, ფინელები ქულების აღებას პერიმეტრიდან ცდილობდნენ. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ყველაზე აქტიურები ამერიკელი ლეგიონერი კამარ ბოლდუინი და კაპიტანი თორნიკე შენგელია იყვნენ, მათი კარგი თამაშის წყალობით ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი მეორე მეოთხედის ბოლოს წინაც გავიდა, თუმცა ტაიმი მაინც ფინეთის გამარჯვებით დასრულდა – 40:38
მესამე მეოთხედში ქართველი კალათბურთელები შეტევაში უფრო სწრაფად გადადიოდნენ, ხოლო დაცვაში მეტოქე გუნდის მოთამაშეებს მჭიდროდ ეთამაშებოდნენ. როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვითი მოქმედებების დროს გამორჩეული იყო ბოლდუინი, საკუთარ თავზე მეტ სროლას იღებდა დუდა სანაძე, ხოლო ფარის ქვეშიდან ქულების დაგროვებას თორნიკე შენგელია ცდილობდა.
მეოთხედის ბოლოს საქართველოს ნაკრების 4-ქულიან გაქცევას სათავე რატი ანდრონიკაშვილმა დაუდო, მან ორჯერ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და ჩვენი გუნდის შეტევები ზუსტი სროლებით დასრულდა. საბოლოოდ, მეოთხედი საქართველომ 17:13 მოიგო
ჯიკიჩის გუნდმა მეოთხე მეოთხედიც აქტიურად და მაღალ ტემპში დაიწყო. სწრაფ შეტევებში შედეგიანები თორნიკე შენგელია და დუდა სანაძე იყვნენ. მეოთხედის პირველ წუთებში მცირე ტრავმა მიიღო ბოლდუინმა, თუმცა ის მოედანზე დარჩა და თავი შესანიშნავი ჩაჭრებითა და გადაცემებით გამოიჩინა, რის შემდეგაც საქართველო წინ 10 ქულით გავიდა. ამ მომენტიდან საქართველოს ნაკრები შეუჩერებელი გახდა, ჩვენი გუნდი როგორც სამქულიანის ხაზიდან, ასევე სამწამიანიდან წარმატებით უტევდა და საბოლოოდ მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.
საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე მეტი, 25 ქულა თორნიკე შენგელიას ჰქონდა. ნაკრების კაპიტანმა 16-დან 10 სროლა და 5-დან 3 საჯარიმო გამოიყენა, მის ანგარიშზე ასევე იყო 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 6 შედეგიანი გადაცემა. 22 ქულა, 9 მოხსნა, 6 გადაცემა და 3 ჩაჭრა ბოლდუინის ანგარიშზეა, 12 ქულით დაასრულა მატჩი დუდა სანაძემ, 9-ით – ბურჯანაძემ, 6-ით – ანდრონიკაშვილმა, 5-ით – შერმადინმა, ხოლო 2-ით – ფევაძემ. ფინეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი კი ნკამუა იყო – 11 ქულა.
ეს უმნიშვნელოვანესი მოგება გახლდათ ევრობასკეტი 2025-ის გზაზე. ჯგუფში ოთხი გუნდია – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და დანია. ფინეთი მასპინძელია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გარანტირებული აქვს, თუმცა მასთან შედეგები დანარჩენ სამ გუნდს აქტივში ეთვლება. მომდევნო ეტაპზე ოთხიდან სამი გუნდი გადის. თუ გავითვალისწინებთ ფინეთის მასპინძლის სტატუსს, სამი გუნდისთვის ორი გამსვლელი ადგილი რჩება. რადგან სერბეთი აშკარა ფავორიტია, საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა ჯგუფში დანიის გადასწრებაა. დანიელები მეოთხე ტურის მატჩს დღეს სერბეთთან ჩაატარებენ.
გადამწყვეტი ორი ტური თებერვალში გაიმართება – საქართველო დანიას უმასპინძლებს და სერბეთს ესტუმრება.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024