
„ევროაქტივის“ ცნობით, ჩეხების 41% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დაგეგმილ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში შესაძლოა, ევროკავშირი ჩაერიოს, 42%-ის მოსაზრებით კი, ჩარევა მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან.
„ევროაქტივი“ „ცენტრალური ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს ამ ინფორმაციას.
კვლევის ავტორების განცხადებით, გამოკითხვის მიხედვით ცხადი ხდება, რომ ჩეხეთის მოსახლეობა უკვე დიდი ხანია, არ ენდობა ევროკავშირს, რადგან იმ რესპონდენტთა უმეტესობა, რომელიც ბრიუსელის მხრიდან არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობაზე საუბრობს, წინა საპარლამენტო არჩევნებზე ევროსკეპტიკურ პარტიებს აძლევდა ხმას.
ცნობისთვის „ევრობარომეტრის“ მიერ მაისში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირის მიმართ დადებითად ჩეხების მხოლოდ 29%-ია განწყობილი. ნეგატიური დამოკიდებულება ევროკავშირის მიმართ 27%-ს აქვს, ხოლო 44% ნეიტრალურია.
ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ ჩეხეთის მეზობელ ქვეყნებშიც. „ცენტრალური ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიის“ კვლევის თანახმად, სლოვაკეთში გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან არჩევნებში ჩარევის საფრთხე არსებობს. ანალოგიური ჩარევის რისკს აშშ-ის მხრიდან სლოვაკების 38%, ხოლო რუსეთის მხრიდან 38% ხედავს. პოლონეთში რუსეთის არჩევნებში ჩარევას შესაძლებლად მიიჩნევს 47%, ხოლო 39% ამბობს, რომ მსგავსი ჩარევა მოსალოდნელია ევროკავშირის მხრიდან.
0
0