
“ევრო 2024-ის მასპინძელმა გერმანიამ შესაძლოა 1 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღოს ქვეყანაში ფეხბურთის მატჩებზე დასასწრებად ჩასული უცხოელი ტურისტების ხარჯების გათვალისწინებით,“ - განაცხადა გერმანიის ეკონომიკურმა კვლევითმა ინსტიტუტმა Ifo-მ.
Ifo-ს პროგნოზით, გერმანიის სტუმარმასპინძლობისა და სურსათის საცალო ვაჭრობის სექტორები ფეხბურთის თამაშებისგან ყველაზე მეტ სარგებელს მიიღებს.
„თუმცა, ეკონომიკური ეფექტი მხოლოდ ხანმოკლე იქნება, ასე, რომ მესამე კვარტალში, ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, სერვისების ექსპორტი სავარაუდოდ კვლავ შემცირდება და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ნიშნული იგივე დონეზე დარჩება“, - თქვა Ifo-ს მკვლევარმა ჯერომ ვოლფმა.
ინსტიტუტის გათვლებით, რომლებიც 2006 წელს გერმანიის მიერ ჩატარებული ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ციფრებს ეფუძნება, ჩემპიონატის განმავლობაში, მოსალოდნელია ქვეყანაში დამატებით 600 000-ზე მეტი უცხოელი ტურისტის შემოდინება და დამატებით 1,5 მილიონი ადამიანის სასტუმროში დაბინავება.
გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო ასევე საცალო გაყიდვების დროებით ზრდას ელოდება, თუმცა არა იმ მასშტაბით, როგორც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს დაფიქსირდა. ექსპერტების განცხადებით, ევროპის უმსხვილეს ეკონომიკაზე ევრო 2024-ის საერთო ეფექტი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ითამაშებს გერმანიის ეროვნული ნაკრები ტურნირზე.
0
0