13/01/2025
14:23
მსოფლიო
სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია და ამ ორგანიზაციიდან გასვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი პარალელური პროცესია. ჩვენი ამოცანაა, არა ამ დღის წესრიგის განხილვა, არამედ ჩვენი ეკონომიკის მდგრადობის გაზრდა. სომხეთმა უნდა გაზარდოს თავისი პროდუქციის კონკურენტუნარიანობა, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, თუ ევროკავშირში“, – აღნიშნა პაპოიანმა.
პაპოიანის განმარტებით, სომხეთის ხელისუფლება არ ფიქრობს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის რაიმე სხვით ჩანაცვლებაზე.
„ჩვენ გვინდა, ვიყოთ დამოუკიდებლები. ეს ნიშნავს არა ერთზე, არამედ ბევრზე დამოკიდებულებას და ამავდროულად, ისეთი პირობების შექმნას, რომ ბევრი გარკვეულწილად დამოკიდებული იყოს ჩვენზე. ჩვენ უნდა გავხდეთ ისეთი სახელმწიფო, რომ ჩვენს ეკონომიკას თუ რამე დაემართება, ეს აისახოს სხვა ქვეყნების ეკონომიკაზე, ამ შემთხვევაში რისკები შემცირდება. არაფერი არ უნდა შეიცვალოს, აუცილებელია, შენარჩუნდეს და გაიზარდოს მოცულობები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, ასევე გაიზარდოს ეს მაჩვენებელი სხვებთან ერთად“, – აღნიშნა პაპოიანმა.
შეგახსენებთ, სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებას კრემლში გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ სომხეთი ერთდროულად იქნება ევროკავშირსა და ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში.
0
0
თუ მოვინდომე, დაგასრულებ - თოფურია მახაჩევს
19/01/2025