04/07/2023
16:02
მსოფლიო
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინს დაუბრუნეს შეიარაღებული ამბოხების საქმეზე ჩხრეკისას ამოღებული ფული და ოქრო. ამის შესახებ გამოცემა „ფონტანკა“ იუწყება სანდო წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის თანახმად, თავდაპირველად არ აპირებდნენ პრიგოჟინისთვის ჩამორთმეული 10 მილიარდი რუბლის, ასობით ათასი დოლარისა და 5 ზოდი ოქროს დაბრუნებას. თუმცა, კვირას საღამოს მას მთელი ფული და ძვირფასეულობა დაუბრუნეს.
„ფონტანკის“ თანახმად, გადაცემას თავად პრიგოჟინი არ ესწრებოდა, ბიზნესმენის ნაცვლად ადგილზე გამოცხადდა მისი მძღოლი მინდობილობით. წინასწარი მონაცემებით, შაბათ-კვირას პრიგოჟინი მოსკოვში იმყოფებოდა.
მანამდე „ფონტანკა“ წერდა, რომ სანქტ-პეტერბურგში, სასტუმრო Trezzini-ის უკანა ეზოში, სასტუმროსი, რომელიც ევგენი პრიგოჟინის ოფისად ითვლება, 4 მილიარდი რუბლი აღმოაჩინეს ავტომობილ „გაზელში“, ცოტა მოგვიანებით კი, სასტუმრო River Palace Hotel-ის მიწისქვეშა პარკინგზე მინივენში აღმოაჩინეს კიდევ 6 მილიარდი. „ვაგნერის“ დამფუძნებლის ოფისიდან ოქრო და ვალუტა ამოიღეს. თავად პრიგოჟინმა თქვა, რომ ეს იყო ფული „ვაგნერის“ მებრძოლების ხელფასებისთვის და დაღუპულთა ნათესავების გადასახადებისთვის.
წყარო: რადიო თავისუფლება
0
0