
რუსი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი სარკასტულად გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ მის მიერ დაქირავებულ „ვაგნერის ჯგუფს“ ახალ სანქციებს დაუწესებს.
„ჩვენ “ვაგნერის ჯგუფის“ მიერ ჩადენილ „დანაშაულებზე“ შიდა გამოძიება ჩავატარეთ, მაგრამ საზიანო ვერაფერი აღმოვაჩინეთ. თუ ვინმეს აქვს რაიმე ინფორმაცია „ვაგნერის“ დანაშაულების შესახებ, გთხოვთ, შეატყობინოთ ჩვენს პრესსამსახურს ან გამოაქვეყნოთ მედიაში, რათა დავეხმაროთ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს თავიანთი პოზიციის ჩამოყალიბებაში“, - თქვა პრიგოჟინმა.
აღნიშნული ინფორმაცია ევგენი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გაავრცელა.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვაშინგტონმა სამეხდრო ჯგუფის "დემონიზაცია მოახდინა".
"ეს მრავალი წელია გრძელდება. როგორც წესი, ვაშინგტონის მიერ გაკეთებული მსგავსი განცხადებები უსაფუძვლოა", - განაცხადა პესკოვმა.
გუშინ, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და ახალი სანქციები დააწესა რუსეთის წარმომადგენლების მიმართ. ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის ვიცე-პრემიერი და მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელი დენის მანტუროვი, თათრეთის ხელმძღვანელი რუსტამ მინიხანოვი და ბიზნესმენი სერგეი ადონიევი.
0
0