26/11/2022
13:40
მსოფლიო
უკრაინის რადას დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს მას შემდეგ, რაც ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა რუსეთის გარიცხვისთვის წესების ცვლილებები ვერ მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის დელეგაციის წევრმა, ევგენია კრავჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა ვერ შეცვალა თავისი წესები, რათა გაერიცხა რუსეთის დელეგაცია. დღეიდან ჩვენ, უკრაინული დელეგაცია, ბოიკოტს ვუცხადებთ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას, ვიდრე ეს საერთაშორისო ორგანიზაცია ვერ ჩამოაყალიბებს თავის დამოკიდებულებას მასში რუსი პროპაგანდისტებისა და ტერორისტი სახელმწიფოს, კრიმინალი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ“, – დაწერა კრავჩუკმა.
პროტესტის ნიშნად, კომიტეტის სხდომა, უკრაინელ დელეგატებთან ერთად ესტონეთისა და ლიეტუვის დელეგაციების წევრებმაც დატოვეს.
მანამდე, ეუთო გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი განცხადებით, 9-თვიანი უწყვეტი დანაშაულების შემდეგ, რუსეთი კვლავ რჩება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრად.
ამასთან, ეუთო-ს ამჟამინდელი თავმჯდომარე პოლონეთის მთავრობამ უარი უთხრა ვიზების გაცემაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს, რომლებიც 24-26 ნოემბერს ვარშავაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის სესიაზე დასწრებას გეგმავდნენ.
0
0