
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი ბაქოში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა.
„კარგი დისკუსიები მქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ბაქოში“, - წერს ელინა ვალტონენი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი განცხადებით, ეუთო მზადაა მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების განხორციელებას და ნდობის აღდგენისკენ მიმართულ ზომებს.
„გილოცავთ სომხეთთან მშვიდობისა და ურთიერთობების ნორმალიზებისკენ მიმართულ შეთანხმებებს. ეუთო მზადაა მხარი დაუჭიროს სამშვიდობო ხელშეკრულების განხორციელებას და ნდობის აღდგენის ზომებს. აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ჩემი შეხვედრა მომავალ კვირას არის დაგეგმილი. მოუთმენლად ველი მათი ღირებული მოსაზრებების მოსმენას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობასთან დაკავშირებით“, - წერს ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე.
0
0