
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ამასთან, ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობას.
„ამ მხრივ, აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ეუთო-ს ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის უსაფრთხოებასთან და სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოწვევები. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვის აუცილებლობა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1
0