
როგორც ჩანს, ოპოზიცია გამოსავალს ეძებს მათი გადმოსახედიდან შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან. რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, ჩვენ გვექნება ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნა, სადაც ასევე საუბარი იქნება შესაძლო რეკომენდაციებზე, შესაძლო საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილი გამოეხმაურა ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ეუთო/ოდირისთვის მიმართვას.
ლევან მახაშვილის თქმით, როგორც ჩანს, ოპოზიცია რაიმე ფორმით ცდილობს შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნას.
მისივე განმარტებით, საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან, ძალადობის ფაქტებზე გამოძიებაც მიმდინარეობს, შესაბამისად, გარე აქტორების ჩართულობა ამ პროცესში მიზანშეწონილი არ არის.
„ვისურვებდი, დაველოდოთ ეუთო-ს დასკვნას, ვნახოთ, კონკრეტულად რას დაწერენ, რა მიმართულებებს მიიჩნევენ მნიშვნელოვნად საარჩევნო რეფორმისთვის და შემდეგ ვისაუბროთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ამ საკითხს, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეუთო არის ის კომპეტენტური ორგანო, რომელმაც პოტენციურად შეიძლება, რომ ეს საკითხი შეისწავლოს, მაგრამ ოპოზიციის გადასაწყვეტია, მიმართონ ვისაც უნდათ. როგორც ჩანს, ისინი ცდილობენ, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ნახონ რაღაც ფორმით – მათი გადასაწყვეტია. გავეცნობით კონკრეტულად მათ შეფასებებს, ასევე, სავარაუდოდ ვიხილავთ ეუთო-ს განცხადებებსაც, რამდენად შეიძლება, რომ ისინი იყვნენ კომპეტენტური ორგანოები აქ ჩასართავად, ამავე დროს, შევახსენებ მოსახლეობასაც, რომ გამოძიებაც მიმდინარეობს საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან და ვიდრე გამოძიება მიმდინარეობს, სხვა გარე აქტორების ჩართულობა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს, დღის წესრიგიც შექმნას და მანიპულაციური გზით საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს შიდა პროცესებში ჩართოს.
„თუ დავაკვირდებით, ოპოზიციის სტრატეგიაა, მაქსიმალურად მოხდეს ხელისუფლებაზე ზეწოლა და მაქსიმალურად არ მოხდეს არჩევნების შესაბამისი შეფასება. ვიდრე ეუთო-ს დასკვნა გვექნება, როგორც ჩანს, ოპოზიციის მთელი რესურსი არის მიმართული იმისკენ, რომ გაკეთდეს არაერთი ნეგატიური განცხადება, რომ მათ შორის ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიაზეც მოახდინონ გარკვეული ტიპის ზეწოლა“, – განაცხადა მახაშვილმა.
0
0