16/01/2025
13:41
პოლიტიკა
ეუთო/ოდირის დასკვნისა და პროკურატურის შუალედური ანგარიშის შემდეგ, ოპოზიციას აღარ რჩება არანაირი არგუმენტი იმისთვის, რომ 26 ოქტომბერს არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრონ - ოპოზიციამ ყველაზე კარგად იცის, არჩევნებში მათი დამარცხების მიზეზია არა ის, რომ არჩევნები გაყალბდა, არამედ ის, რომ ასე გადაწყვიტა მისმა აღმატებულება ქართველმა ხალხმა! - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურის შუალედურ დასკვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
ბოჟაძის მტკიცებით, არჩევნების დასრულებიდან თითქმის სამი თვე გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიციამ ვერ წარადგინა ვერც ერთი მტკიცებულება ვერც საზოგადოებისა და ვერც გამოძიებისთვის.
„რაც ყველაზე მთავარია, გაყალბების ვერანაირი მტკიცებულებები ვერ წარუდგინეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და ეუთო/ოდირის დასკვნაში სწორედ ის შეფასებები მოხვდა, რაც ობიექტური და სამართლიანი იყო და არა ის საკითხები, რომლებსაც ისინი აყენებდნენ.
ჯერ კიდევ ეუთო/ოდირის დასკვნამ სრულად გააცამტვერა მათი პრეტენზიები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. იგივე შეიძლება ითქვას პროკურატურასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ არ ითანამშრომლეს და არ წარადგინეს შესაბამისი მტკიცებულებები, პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში ჩაატარა არაერთი ექსპერიმენტი და დადასტურდა ის, რაც ისედაც ცნობილი იყო, რომ ვერიფიკაციის აპარატები უზრუნველყოფდა პრინციპს ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა. ხმის დამთვლელი აპარატი უზრუნველყოფდა სწრაფად წინასწარი შედეგების მიღებას და ყველა საარჩევნო უბანზე, როდესაც ხელით დაითვალა ბიულეტენები, ერთი ერთზე დაემთხვა წინასწარ შედეგებს რაც აპარატებიდან იყო წარმოდგენილი”, - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
0
0