
ეუთო ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტის დასრულებასთან დაკავშირებით პრესრელიზს ავრცელებს. პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ვალტონენი თბილისში შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს, ესაუბრა სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებს.
პრესრელიზის თანახმად, მაღალი დონის შეხვედრების დროს მოქმედმა თავმჯდომარემ თანამოსაუბრეები დაარწმუნა ეუთო-ს უცვლელ მხარდაჭერაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მიმართ. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, მინისტრმა ვალტონენმა 2008 წლის ომის ხანგრძლივი შედეგები იხილა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ვიზიტის დროს.
„გამყოფი ხაზთან მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების მუდმივი ყურადღება კონფლიქტის კონტექსტის მიმართ. მე ვაფასებ სამხრეთ კავკასიაში ჩემი სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ კრისტოფ შპეტის აქტიურ ძალისხმევას ამ მხრივ“, – განაცხადა ვალტონენმა.
პრესრელიზის თანახმად, ელინა ვალტონენმა გამოთქვა ეუთო-ს წევრი სახელმწიფოებისა და ეუთო-ს ინსტიტუტების შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული მმართველობასა და შემზღუდავ კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რაც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მედიის პროფესიონალებისა და ჟურნალისტებისთვის სივრცეს.
„არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები, ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა აქტორები დემოკრატიული მდგრადობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის არიან. ისინი უსამართლობას ებრძვიან, ინოვაციებს უწყობენ ხელს და ხელისუფლებისგან ანგარიშვალდებულებას ითხოვენ. მათი ხმა არა მხოლოდ უნდა ისმოდეს, ისინი დაცულები უნდა იყვნენ. საქართველოს მთავრობამ კრიზისიდან გამოსავალი უნდა იპოვოს და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის აღადგინოს“, – განაცხადა მინისტრმა ვალტონენმა.
პრესრელიზის თანახმად, ვალტონენმა დაადასტურა ეუთო-ს მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს საქართველოს უსაფრთხოების სამივე განზომილებაში აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
0
0