
ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი რაუნდი ვეტოს მუქარების ფონზე წარიმართა, რადგან წევრი ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ცდილობდნენ - საბოლოო პაკეტმა, რომელიც მნიშვნელოვნად შერბილდა, ბლოკის შიგნით მზარდი ბზარები გამოაჩინა, - წერს Euronews-ი.
ბრიუსელისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შეთანხმება წარმოადგენს მორიგ მნიშვნელოვან ნაბიჯს იმ საერთო ძალისხმევაში, რომლის მიზანიც უკრაინაში მოსკოვის მიერ წარმოებული სრულმასშტაბური ომის მამოძრავებელი ეკონომიკური მექანიზმების შესუსტებაა.
თუმცა, მიღწეულმა შეთანხმებამ - და კიდევ უფრო მეტად მის მიღმა არსებულმა მწვავე მოლაპარაკებებმა - აშკარა გახადა მზარდი ბზარები იმ პოლიტიკურ ერთიანობაში, რომელიც ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე ამბიციურ სანქციების რეჟიმს უდევს საფუძვლად.
მან ასევე წარმოშვა უფრო ფართო კითხვები იმის თაობაზე, თუ რა ფასის გადახდისთვის არიან მზად წევრი ქვეყნები ომის მეოთხე წელს, რათა კრემლზე ზეწოლა არ შეასუსტონ. საბერძნეთისთვის ეს ზღვარი, როგორც ჩანს, საზღვაო გადაზიდვებზე გადის.
თუმცა, საკუთარი გავლენის გამოყენებას მხოლოდ საბერძნეთი არ ცდილობდა. ბულგარეთი, პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის ახალი მთავრობის სათავეში მოსვლის შემდეგ, ღიად ითხოვდა სანქციების მთლიანი პაკეტის ბლოკირებას, თუ სიიდან არ ამოიღებდნენ რუსეთის პატრიარქ კირილსა და „ლუკოილის“ დამფუძნებელს, ვაგიტ ალექპეროვს. საბოლოოდ, ორივე მათგანი სანქციების სიას ჩამოაშორეს.
რუსული თევზის იმპორტის შეზღუდვას პორტუგალია და გერმანიაც შეეწინააღმდეგნენ - მათ ადგილობრივი წარმოების შეფერხების საფრთხეზე გაამახვილეს ყურადღება.
თავის მხრივ, საფრანგეთმა და იტალიამ დაბლოკეს შეთავაზება რუსი სამხედროებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვის შესახებ. ეს ინიციატივა იმდენად შეიცვალა, რომ საბოლოოდ მხოლოს ქაღალდზე დარჩენილ „სამართლებრივ საფუძვლად“ იქცა, რომელსაც რეალური ეფექტი პრაქტიკულად არ გააჩნია.
ამასობაში, ავსტრიამ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია: ევროკავშირის წევრი ქვეყნები დათანხმდნენ ვენის სკანდალური წინადადების განხილვას, რომელიც სანქცირებულ კომპანია Rasperia-სთვის შეზღუდვების მოხსნას ითვალისწინებს. ამ ნაბიჯით ავსტრია ცდილობს, ოდნავ მაინც შეამციროს 2.1 მილიარდი ევროს ზარალი, რომელიც Raiffeisen Bank-მა რუსეთის ბაზარზე განიცადა.
„ორბანის წასვლის შემდეგ წევრმა ქვეყნებმა მოსახერხებელი ფარი დაკარგეს, რამაც ეროვნული ინტერესები წინა პლანზე წამოწია - ისე მკვეთრად, როგორც იშვიათად გვინახავს იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც საჯაროდ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხარდაჭერა ზოგადად უცვლელი რჩება, ისინი მაინც იბრძვიან დათმობების მოსაპოვებლად“, - ნათქვამია სტატიაში.
0
0