
2026 წელს ევროპული გაზის ღირებულება 130%-ით გაიზარდა - საცავებში მცირე მარაგები და მიწოდების შეფერხების საფრთხე ევროპას ფინანსურად მძიმე ზამთარს უქადის, - წერს Euronews-ი.
ევროპული გაზის მთავარი ეტალონის, Dutch TTF-ის ფიუჩერსების ფასი ხუთშაბათს მეგავატ-საათში 65 ევროს გასცდა და მარტის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. ამ ნახტომით გაგრძელდა ფასების მატების ტენდენცია, რის შედეგადაც წლის დასაწყისიდან გაზი 130%-ზე მეტით გაძვირდა.
ფასების ნახტომი ევროპაში მორიგ საზაფხულო სიცხეებს დაემთხვა. ეს სიცხეები კი ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ მოსალოდნელი ზამთარი ფინანსურად მძიმე იქნება.
რეკორდული სიცხეები ელექტროენერგიაზე მოთხოვნას ზრდის, გვალვები კი ჰიდროელექტროსადგურებისა და ატომური სადგურების სიმძლავრეებს აქვეითებს. წარმოქმნილი დანაკლისის შევსება გაზზე მომუშავე სადგურებს უწევთ - ისეთ დროს, როცა ევროპამ პირიქით, გაზის რეზერვები უნდა დააგროვოს.
გაზის ფასი კვლავ შორს დგას 2022 წელს რუსეთის აგრესიით გამოწვეული ენერგოკრიზისის რეკორდული ნიშნულისგან (350 ევრო/მგვტ.სთ), თუმცა ევროპა ზამთრის სეზონს ამოწურული მარაგებით ხვდება. ასეთ პირობებში, მიწოდების მორიგი შეფერხება ბაზრისთვის შესაძლოა კრიტიკული აღმოჩნდეს.
ტრადიციულად, ზაფხულობით ევროპა გაზის რეზერვების დაგროვებითაა დაკავებული, ვიდრე ზამთარში გათბობის სეზონი დაიწყება. წელს ეს პროცესი მთელმა რიგმა პრობლემებმა შეაფერხა: ჰორმუზის სრუტე ფაქტობრივად ბლოკირებულია, ნორვეგიამ გაზის საბადოების რემონტი გაახანგრძლივა, გვალვამ კი ჰიდრო და ატომური სადგურების სიმძლავრეები შეამცირა.
სიცხეების გამო ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, რამაც ევროპა აიძულა, გაზზე მომუშავე სადგურები აემუშავებინა, ანუ გამოიყენოს ის საწვავი, რომელიც ზამთრისთვის უნდა შეენახა. შედეგად, ენერგობაზარი უკიდურესად დაძაბულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
0
0