
საინფორმაციო პორტალი Euractiv-ის მთავარი რედაქტორი, მეთიუ კარნიჩნიგი ევროკომისიის წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებს აყენებს. კომენტარში, სათაურით "აკრძალულია ბრიუსელში: როგორ მოხვდა Euractiv-ი კომისიის მტრების სიაში“, ის აღწერს, თუ როგორ იყო მისი მედიასაშუალება გამორიცხული ევროკომისიის დახურული ბრიფინგებიდან კრიტიკული რეპორტაჟების გამოქვეყნების შემდეგ.
"ევროპაში დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ამჟამად მტრების სიაშია“, - წერს კარნიჩნიგი.
მისი თქმით, სწორედ ბრიუსელში გახდა გაშუქების ეს ფორმა „გადაშენების პირას მყოფი სახეობა“, რადგან ტრადიციული ბიზნესმოდელები ინგრევა, ხოლო პოლიტიკური ინსტიტუტები, ლობისტები და სახელმწიფო აქტორები მედიაზე სულ უფრო დიდ გავლენას ახდენენ.
მთავარი რედაქტორი აღწერს მედიაგარემოს, რომელშიც ბევრი ჟურნალისტი ფინანსურად ან სტრუქტურულად არის დამოკიდებული იმ ინსტიტუტებზე, რომელთა შესახებაც ისინი წერენ. ასეთ პირობებში დამოუკიდებელი ხმების წახალისება არ ხდება. Euractiv-მა ეს რეალობა საკუთარ თავზე გამოსცადა.
დაძაბულობის მიზეზი წლის დასაწყისში განსაკუთრებით კრიტიკული რეპორტაჟების სერია გახდა. ამის შემდეგ მალევე, Euractiv-ი ეგრეთ წოდებული Background Briefing-ებიდან გარიყეს - ეს არის არაფორმალური შეხვედრები, სადაც კომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მრჩევლები ცდილობენ, მედიაგაშუქება მათთვის სასურველი მიმართულებით წარმართონ.
„სიმართლე გითხრათ, ეს დიდი დანაკარგი არ არის“, - წერს კარნიჩნიგი ამ გარიყვის შესახებ. თუმცა, ის მომხდარს აფასებს, როგორც იმ ფუნდამენტური დამოკიდებულების გამოხატულებას იმ ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის მოლოდინებს არ ერგებიან. ამასთანავე, Euractiv-ის რეპორტიორები პერსონალური თავდასხმების სამიზნეც გახდნენ. მთავარი რედაქტორი პირდაპირ საუბრობს „პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე“ ურსულა ფონ დერ ლაიენის გარემოცვის მხრიდან.
ზუსტად რა გახდა გარიყვის კონკრეტული მიზეზი, ცალსახად თქმა რთულია. კარნიჩნიგი რამდენიმე შესაძლო მიზეზს ასახელებს: კომისიის იმ ვერსიის უარყოფა, თითქოს ბულგარეთში ვიზიტისას ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს სანავიგაციო სისტემებზე სავარაუდო რუსული თავდასხმის გამო „ქაღალდის რუკებით“ მოუწია დაშვება; კრიტიკული რეპორტაჟები ევროპული სადაზვერვო სტრუქტურის შექმნის წინადადებაზე და ასევე, ეჭვები კომისიის პრეზიდენტის თავის პოსტთან შესაბამისობის შესახებ.
მთავარი რედაქტორი ცალსახად განმარტავს, რომ Euractiv-ი თავის ხაზს არ შეცვლის.
„ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ჟურნალისტურ კეთილსინდისიერებას მხოლოდ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ წვდომა ინფორმაციაზე ან ვინმეს თავი მოვაწონოთ“, - წერს ის.
0
0