
მთავრობის მუშაობის შეჩერების გამო, აშშ-ის ტრანსპორტის ადმინისტრაცია 40 მთავარ აეროპორტში ფრენებს ათი პროცენტით შეამცირებს.
ეს გადაწყვეტილება ძალაში შევა 7 ნოემბერს, თუ მანამდე კონგრესში ე.წ. შათდაუნის დასრულების შესახებ არ შეთანხმდებიან.
როგორც აშშ-ის ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამ ნაბიჯის გადადგმა აუცილებელია, რადგან ავიადისპეტჩერების ნაწილი გადაღლილია. მათი განმარტებით, დისპეტჩერებს ხელფასი რამდენიმე თვეა, არ მიუღიათ, რის გამოც საავიაციო მიმოსვლის კონტროლზე პასუხისმგებელი დისპეტჩერების ნაწილი ბიულეტენზეა გასული, ნაწილი კი სხვა სამსახურში დასაქმდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, 7 ნოემბრიდან აშშ-ში თავდაპირველად შიდა ფრენების ოთხი პროცენტი შეჩერდება და შემდეგ დღეებში რეისების რაოდენობა თანმიმდევრულად შემცირდება. ჯერ უცნობია, რომელ ქალაქებს შეეხება შეზღუდვა. წინასწარი მონაცემებით, სულ გაუქმდება 3500-4000 ფრენა.
როგორც ავიაციის ფედერალურ ადმინისტრაციაში განაცხადეს, ავიადისპეტჩერების ნაკლებობის მიუხედავად, ფრენები უსაფრთხოა და რეისების შემცირება ავიამიმოსვლის კონტროლის ეფექტურობის გაზრდას მოემსახურება.
უდიდესი ამერიკული ავიაკომპანიები მოუწოდებენ კონგრესს, დაძლიონ ჩიხი, რათა აშშ-ში ავიამიმოსვლა სრულფასოვნად იყოს შესაძლებელი.
ცნობისთვის, აშშ-ში მთავრობის მუშაობა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის სხვადასხვა საკითხზე შეუთანხმებლობის გამო არის შეჩერებული.
0
0