
ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, თბილისის მერიამ, კახა კალაძემ ველური ქმედებებით ადამიანები სახლებიდან გამოყარეს, მათ შორის ბავშვები და დატოვეს ღია ცის ქვეშ - ეს მიუთითებს „ქართული ოცნების“ სისტემურ გაუმართაობაზე, როცა ყველა რგოლი მოშლილია,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფოში არცერთი რგოლი ადამიანზე ორიენტირებული არ არის.
„გუშინ, ჩვენ ყველამ ვიხილეთ სამგორში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მიმდინარე მოვლენები, როცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, თბილისის მერიამ, კახა კალაძემ პირდაპირ ველური ქმედებებით ადამიანები სახლებიდან გამოყარეს, მათ შორის ბავშვები და დატოვეს ღია ცის ქვეშ. აქ მხოლოდ თბილისის მერიის პასუხისმგებლობა არ არის, ეს მიუთითებს „ქართული ოცნების“ სისტემურ გაუმართაობას, როცა ყველა რგოლი მოშლილია და არცერთი რგოლი სახელმწიფოში არ არის ორიენტირებული ადამიანებზე, მის უფლებებზე, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ვნახეთ ღია ცის ქვეშ დატოვებული ბავშვები.
დღეს ჩვენ ერთ-ერთი ასეთი პრობლემის მქონე ადგილას ვიმყოფებით ჩუღურეთში, გოგოლის ქუჩაზე, „ლელო-ძლიერ საქართველოს“ მიმართეს ადგილობრივებმა იმიტომ, რომ ისინი მრავალი წლის განმავლობაში მიმართავდნენ თბილისის მერიას და მათგან ამ დრომდე კონკრეტულ პასუხებს ვერ იღებდნენ. ჩემს გვერდით იმყოფება ერთ-ერთი ადამიანი, რომლის საცხოვრებელი სახლიც არის ავარიულ მდგომარეობაში და ამ ადამიანმა საკუთარი ძალებით, რამდენჯერმე გაამაგრა სახლი, მაგრამ ბუნებრივია ეს არ არის საკმარისი, სახლი საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. ასევე, აქვე ვხედავთ ავარიულ შენობას, რომლის ნაწილიც ჩამონგრევის პირასაა და ვხედავთ, რომ ეს ადგილი არ არის შემოსაზღვრული, ეს კი საფრთხეს უქმნის არამარტო აქ მცხოვრები ადამიანებისა და ოჯახების, არამედ გამვლელი ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ნებისმიერ წამს შესაძლოა, რომ იგივე ტრაგედია განმეორდეს, რომელიც სულ ახლოს სადგურის მოედანზე მოხდა, სადაც სრულიად უდანაშაულო ხალხი დაიხოცა, ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძისა და მისი გარემოცვის უპასუხისმგებლობის გამო“,- განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.
0
0