
ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე ინფორმაცია მასმედიის საშუალებებით გავიგე იმ დროს, როდესაც კონკრეტულ პოზიციაზე საგუშაგო განთავსდა, – ამის შეახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.
მისი თქმით, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე მთავარი პასუხისმგებელი პირი არის გიორგი გახარია, რომელსაც საკითხის განსახილველად უშიშროების საბჭოსთვის არ მიუმართავს.
„კითხვა იყო, ვიყავი თუ არა ინფორმირებული ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე. ჩემი პასუხი იყო, რომ მე ინფორმაცია არ გამაჩნდა, არც არაოფიციალური, პირადი კომუნიკაციის ფარგლებში და მით უფრო, არც ფორმალური ფორმატების ფარგლებში, იქნებოდა ეს მთავრობის სხდომა, თუ განსაკუთრებით, უსაფრთხოებს საბჭოს ფარგლებში ასეთი განხილვა არ ყოფილა. განსაკუთრებით მინდა, ბოლო გარემოებას მივაპყრო თქვენი ყურადღება. 2019 წლის აპრილში შეიქმნა აღნიშნული ორგანო – უსაფრთხოების საბჭო, რომელიც პასუხისმგებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზზე, მათ პრევენციაზე და პოლიტიკის დაგეგმვაზე, რათა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები მიეწოდოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. მეც მქონდა პატივი, ამ ორგანოს შექმნის პირველივე დღიდან, როგორც თავდაცვის მინისტრი, ვყოფილიყავი მუდმივმოქმედი წევრი. კანონმდებლობა ითვალისწინებს, სამ თვეში ერთხელ მაინც შეკრებას, მით უფრო, მუდმივმოქმედ წევრს აქვს უფლებამოსილება თავისი ინიციატივით მიმართოს პრემიერ-მინისტრს და ჩაატაროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, თუმცა მახსენდება მხოლოდ ერთი სხდომა, 2019 წლის პირველ მაისს, რომელიც ორგანიზაციულ საკითხებს შეეხო, რადგან საბჭო ახალი შექმნილი იყო, ხოლო ამ თემაზე, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და უკავშირდებოდა ქვეყნის უსაფრთხოებას, პრემიერ-მინისტრი უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, მათ შორის უსაფრთხოების სამსახური. საბჭო სხდომა არ ჩატარებულა“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე ინფორმაცია მასმედიის საშუალებებით გაიგო უკვე მაშინ, როდესაც კონკრეტულ პოზიციაზე საგუშაგო განთავსდა.
„მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, მხოლოდ ერთი კვირა ვიყავი პოზიციაზე ამ საგუშაგოს განთავსებიდან, სულ რაღაც რამდენიმე დღეში აღარ გახლდით თავდაცვის მინისტრი, შესაბამისად, რაღაც კომუნიკაცია, დაზუსტების საშუალება, ბუნებრივია, არ მექნებოდა, მით უფრო, შემდეგ პერიოდშიც, სულ რაღაც ორი თვის შემდეგ, ნოემბერში, დავინიშნე საბჭოს მდივნად. ესეც მოწმობს, თუ რა სერიოზული აღქმა ჰქონდა უსაფრთხოების თემებს პრემიერ-მინისტრის მხრიდან“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, საოკუპაციო ხაზზე, მის ზონაში მიმდებარე ტერიტორიებზე, თავდაცვის უწყებას არავითარი კომპეტენცია არ ჰქონდა, ეს იყო საპოლიციო მოქმედებების სფერო და არეალი, პრევენციული მიზნებისთვის მჭიდრო კომუნიკაციის პირობებში ევროკავშირის მისიასთან.
„სამწუხაროდ, ცუდი შედეგი მივიღეთ. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები, მისი ტერიტორიული მთლიანობა ასეთი ოკუპაციის პირობებში არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ბუნებრივია, როდესაც მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე ვიღებთ სავალალო შედეგს, მორიგი ტერიტორიების დაკარგვას, არის ყოვლად სამწუხარო ფაქტი. არ არსებობს ფაქტი, რომ ახლად შექმნილი ორგანო, ახალი მოტივაციით და პასუხისმგებლობით შეკრებილიყოს, რათა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ნომერ პირველი პრიორიტეტი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, საგუშაგოს განთავსებას, განხილულიყოს პასუხისმგებლობიან ფორმატში, რომელსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა. ეს არის ყველაზე კრიტიკული პუნქტი, რომელიც იყო დღეს გამოკითხვის ცენტრალური საგანი და თემა. მე, როგორც საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, იურისტი, ადამიანი, რომელიც ძირითად მიმართულებებს და პასუხისმგებლობის სფეროებს ხედავს, ვფიქრობ, ეს საკითხი სწორედ უსაფრთხოების საბჭოს ფორმატში უნდა განხილულიყო. უკვე დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ვიყავი, რომელიც არ არის უფლებამოსილი საშინაო საფრთხეების ანალიზზე, ის უფრო საგარეო საფრთხეებზე და მის განეიტრალებაზეა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობ ინიციატივაზე, მხედველობაში მაქვს გადაწყვეტილების მიღებამდე ამ ინიციატივაზე საუბარი, შესაბამის მუდმივმოქმედ წევრს, ვინც უფრო მეტად იყო ინფორმირებული და ვინც ამ გადაწყვეტილებას ამზადებდა, ამ ფორმატში მოეხსენებინა კოლეგებისთვის, რაც სამწუხაროდ, არ მოხდა. დიახ, გიორგი გახარიას ვგულისხმობ, მით უფრო, საბჭოს მდივანი იყო“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, გიორგი გახარიამ თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურაც კი გაწელა, რაც მის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.
„საბჭო მდივნის გარეშე ორი თვის განმავლობაში როდესაც არსებობდა, რა განხილვაზეა საუბარი, ოფიციალური ფორმატი, სტრუქტურა უფუნქციოდ იყო პრაქტიკულად. გიორგი გახარია არის ამ თემაზე მთავარი პასუხისმგებელი პირი, ვინც გადაწყვეტილებას იღებდა, მით უფრო, ამ გადაწყვეტილების მიმღები შემდეგ პრემიერ-მინისტრი ხდება, ინიციატივის ავტორი თვითონ არის და თვითონ არის პასუხისმგებელი. როდესაც არსებობს უსაფრთხოების საბჭო, უნდა გამოეყენებინა. გადასახადებს იხდით იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა იარსებონ და პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკოსებმა აკეთონ ის, რაც კანონმდებლობით არის გაწერილი. გახარიას მარჩიელობაზე და მკითხაობაზე ხომ არ ვიქნებით დამოკიდებული. უნდა ვიყოთ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსები, როდესაც ვხედავთ საფრთხეს, იმ ფორმატებში უნდა მოხდეს ამის განხილვა, რასაც კონსტიტუცია და კანონმდებლობა ითვალისწინებს. პასუხისმგებლობის გაზომვა შეუძლია მოსახლეობას მხოლოდ იმით, რამდენად იმოქმედა თითოეულმა ამ ადამიანმა იმ ფორმატების ფარგლებში, რომელსაც კონსტიტუცია ავალდებულებს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
0
0