
ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ტარომ განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნები ერთგვარ პოლიგონად იქცნენ ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოსაცდელად, სადაც რუსეთი მუდმივად ამოწმებს რეგიონის მზადყოფნას, თანამშრომლობის უნარსა და გამძლეობას.
იგორ ტარომ აღნიშნულის შესახებ პოლონეთის ქალაქ გდანსკში, ევროპის შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას ისაუბრა.
შეხვედრის მთავარი თემა იყო ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ევროკავშირის დასაცავად.
„ჩვენ გვემუქრება სხვადასხვა სახის საფრთხე – დრონები, საჰაერო სივრცის დარღვევა, შეტევები კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე როგორც ხმელეთზე, ისე ზღვაში. ამასთან გასამკლავებლად აუცილებელია ურთიერთქმედების გაძლიერება, სხვადასხვა სცენარის დამუშავება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა“, – აღნიშნა ტარომ.
მისი თქმით, სახმელეთო საზღვრებთან ერთად, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შეძლონ ჰიბრიდული საფრთხეებისგან დაცვა ზღვიდან და ჰაერიდანაც.
„ისე, როგორც არასდროს, ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირის მხარდაჭერა ამ საკითხში“, – განაცხადა ესტონელმა მინისტრმა.
შეგახსენებთ, მანამდე ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთის აგრესია უნდა აღიქვას, როგორც „სხვაგვარი ომი“ და მზად უნდა იყოს ჰიბრიდული საფრთხეების ახალი ფორმებისთვის.
0
0