
სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო უწყება ავრცელებს.
როგორც ტალინში აცხადებენ, მომხდარის გამო რუსეთის ფედერაციის საქმეებში დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს პროტესტის გამოსახატად.
ესტონეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე 19 სექტემბერს დაარღვიეს.
მედიის ცნობით, ინციდენტი ფინეთის ყურეში მოხდა, სადაც სამი რუსული ავიაგამანადგურებელი „მიგ-31“ ესტონეთის თანხმობის გარეშე შეიჭრა ქვეყნის საჰაერო სივრცეში და იქ 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
„რუსეთმა წელს უკვე მეოთხედ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. თუმცა დღევანდელი შემოჭრა, როდესაც სამი ავიაგამანადგურებელი მონაწილეობდა, იყო უპრეცედენტოდ თამამი“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან აგრესიის გაძლიერებას უნდა მოჰყვეს მოსკოვზე პოლიტიკური და ეკონომიკურ ზეწოლის სწრაფი ზრდა.
ცნობისთვის, ესტონეთში ამ კვირაში დაიწყო თავდაცვის ძალების დაუგეგმავი წვრთნები, რომელთა მიზანი საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევებზე საპასუხო ქმედებების გამოცდაა.
0
0