
ესპანეთში, „ღამურების გამოქვაბულში“ [Cueva de los Murciélagos], მეცნიერებმა უძველესი ევროპული ფეხსაცმელი - ბალახისგან ნაქსოვი სანდლები - აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, 6000 წლის წინანდელია.
დაბალი ტენიანობისა და გრილი ქარის პირობებში, გამოქვაბულში სანდლები დაუზიანებლად შენარჩუნდა.
მკვლევარებმა გამოქვაბულში კალათები და ხელსაწყოების ნაკრებიც იპოვეს.
"ეს ნივთები სამხრეთ ევროპაში არსებული უძველესი მცენარეული ბოჭკოვანი მასალებისგან არის დამზადებული და ისინი ძალიან კარგ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. მრავალფეროვანი ტექნოლოგია და მეთოდი, რომელიც გამოყენებულია ნედლეულის დამუშავებისთვის, ხაზს უსვამს პრეისტორიული ხანის ადამიანების უნარს," - თქვა კვლევის თანაავტორმა მარია ჰერერო ოტალმა.
დათარიღების ახალი ტექნიკით დადგინდა, რომ გამოქვაბულში ნაპოვნი 76 ნივთის კოლექციიდან ზოგიერთი 9000 წლის წინანდელია.
მკვლევარების თქმით, სანდლები დამზადებულია სხვადასხვა ტიპის ბალახით, ასევე ტყავით და ცაცხვის ფოთლებით. სანდლები ნეოლითის ხანისაა - უფრო ძველია, ვიდრე სომხეთის გამოქვაბულში 2008 წელს აღმოჩენილი 5500 წლის წინანდელი ტყავის ფეხსაცმელი.
„ღამურების გამოქვაბული“, რომელშიც 6000 წლის წინანდელი სანდლები აღმოაჩინეს, ანდალუზიაში, სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში მდებარეობს. ის მე-19 საუკუნეში მაღაროელებმა გაძარაცვეს.
კვლევის მიხედვით, გამოქვაბულში პირველად, 1831 წელს, ერთ-ერთი მიწათმფლობელი შევიდა, რომელიც სასუქის დასამზადებლად ღამურის გუანოს [გამომშრალი სკორე] აგროვებდა.
20 წელზე ნაკლები ხნის შემდეგ, გამოქვაბულში მუშაობისას მაღაროელებმა გალერეა აღმოაჩინეს, რომელშიც ნაწილობრივ მუმიფიცირებული ცხედრები, კალათები, ხის იარაღები, გარეული ღორის კბილები და ოქროს უნიკალური დიადემა ინახებოდა.
0
0