
როგორც BBC-ი წერს, ახალი კვლევის თანახმად, ესპანეთში ბევრი ადამიანი ჰალუცინოგენურ ნარკოტიკებს დაახლოებით 3000 წლის წინაც მოიხმარდა. მეცნიერებმა კუნძულ მენორკაზე, საფლავებში ადამიანის თმის ღერები აღმოაჩინეს, რომლებიც გვიჩვენებს, რომ უძველესი ცივილიზაციის წარმომადგენლები მცენარეებისა და ბუჩქის ნაწილებისგან დამზადებულ წამლებს მოიხმარდნენ.
ითვლება, რომ ეს არის უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ უძველესი ევროპელი ადამიანები ჰალუცინოგენურ ნარკოტიკებს იღებდნენ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები დელირიუმს და ჰალუცინაციებს იწვევდა.
დასკვნებმა, რომელიც ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა, ადამიანის აქტივობის ნიშნები აჩვენა კუნძულ მენორკას სამხრეთ-დასავლეთით არსებულ ერთ-ერთ გამოქვაბულში [Es Càrritx]. გამოქვაბულში 200-ზე მეტი ადამიანის საფლავია განთავსებული. ექსპერტების თქმით, ეს გამოქვაბული რიტუალების ჩატარებისა და დაკრძალვის ადგილი იყო დაახლოებით 600 წლის განმავლობაში (ძვ.წ. 800 წლამდე).
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ საკმაოდ ძლიერი პოტენციალის მქონე ნივთიერებები შესაძლოა გამოქვაბულში რიტუალების ჩატარების დროს გამოიყენებოდა. სავარაუდოდ, სარიტუალო ცერემონიალში შამანები [ტრანსის სპეციალისტები] მონაწილეობდნენ, „რომლებსაც შეეძლოთ მცენარეული წამლების გვერდითი ეფექტების გაკონტროლება“.
ჩატარებული ანალიზის მიხედვით, უძველესი რიტუალების დროს თმის ღერები წითლად იღებებოდა და ისინი შესაძლოა ერთზე მეტ ადამიანს ეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ თმის ღერები სამი ტიპის ფსიქოაქტიურ ნივთიერებას შეიცავდა.
მეცნიერებმა, თმის ღერებზე ატროპინთან და სკოპოლამინთან ერთად, რომლებიც ჰალუცინაციებს იწვევს, ეფედრინიც აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, ეფერდინი ენერგიას და სიფხიზლეს ზრდის.
მკვლევარებმა გამოქვაბულში აღმოაჩინეს კონტეინერებიც, რომელთა თავსახურებზე სპირალური ფორმებია გამოკვეთილი. ზოგიერთი მკვლევარი ამ ჩუქურთმებს ჰალუცინოგენური ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების „ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობებს“ უკავშირებს.
ექსპერტების თქმით, პრეისტორიული ხანის ევროპელების მიერ ნარკოტიკების მოხმარების შესახებ მანამდე გაკეთებული დასკვნები არაპირდაპირ მტკიცებულებებს ეფუძნებოდა, როგორიცაა ნარკოტიკული მცენარეების გამოჩენა მხატვრულ გამოსახულებებზე.
0
0