30/11/2021
11:40
მსოფლიო
ესპანეთში ახალი შტამი 51 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა, რომელიც მადრიდში სამხრეთ აფრიკიდან 28 ნოემბერს, ამსტერდამში გაჩერების შემდეგ, დაბრუნდა. მას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და იზოლაციაში იმყოფება.
მადრიდის გრეგორიო მარანონის საავადმყოფოს მიკრობიოლოგიის განყოფილებამ დაადასტურა ახალი ვარიანტით ინფიცირება და აღნიშნა, რომ პაციენტს მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა და ახლა ის იზოლაციაში იმყოფება.
ესპანეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით 5,153,923 ადამიანი დაინფიცირდა და 88,008 დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი 53-ით გაიზარდა.
"ომიკრონით" დაიფიცრების შემთხვევა შვედეთშიც დაფიქსირდა. როგორც შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, კარინ ტეგმარკ ვისელმა, განაცხადა, ახალი შტამი მგზავრს დაუდასტურდა, რომელიც სამხრეთ აფრიკიდან შვედეთში ერთი კვირის წინ დაბრუნდა.
„მოსალოდნელი იყო, რომ ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყნის მსგავსად, კორონავირუსის ეს ვარიანტი შვედეთშიც აღმოჩნდებოდა“, - განაცხადა კარინ ტეგმარკ ვისელმა.
საზოგადოებრივ ჯანდაცვის სააგენტოს ინფიცირებული პირის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
კორონავირუსის ახალი შტამის - "ომიკრონის" (რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა) გამოჩენამ სასაზღვრო შეზღუდვებისა და საჰაერო მარშრუტების შეჩერება გამოიწვია. ახალი შტამის შემთხვევები ჯერჯერობით დადასტურებულია დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ბელგიაში, შვეიცარიაში, დანიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ჰონგ კონგში, ბოტსვანაში, ისრაელსა და კანადაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მუტაციური ფორმის მაღალი კონტაგიოზურობის მქონე „ომიკრონის“ ვარიანტი, სავარაუდოდ, მთელ მსოფლიოში გავრცელდება; ის ინფექციის გახშირების ძალიან მაღალ რისკს წარმოადგენს, რომელსაც შეიძლება "მძიმე შედეგები" მოჰყვეს.
0
0