
ესპანეთში, პირენეის ნახევარკუნძულზე ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო, შვიდივე ატომური ელექტროსადგური გარე ენერგომომარაგების გარეშე დარჩა. ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია ინციდენტის გამომწვევი მიზეზის შესახებ. ასევე ელექტროენერგია გაითიშა პორტუგალიასა და საფრანგეთის ზოგიერთ ნაწილში.
მილიონობით ადამიანი ქაოსმა მოიცვა - გაჩერდა 11 მატარებელი, ავიარესიები გადაიდო, ინტერნეტისა და მობილური სატელეფონო კავშირები, შუქნიშნები და ბანკომატები გაითიშა, შეჩერდა ზოგიერთი საავადმყოფოს რუტინული ფუნქციონირება. ელექტროენერგიის გათიშვამ მნიშვნელოვნად დააზარალა დიდი ტერიტორიები - მათ შორის დედაქალაქები, მადრიდი და ლისაბონი.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მხოლოდ 50% აღდგა. პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუის მონტენეგრომ კი, განაცხადა, რომ ხელისუფლება ელექტროენერგიის მიწოდების რღვევის ფაქტს იძიებს, თუმცა კიბერშეტევის „არანაირი ნიშანი“ არ არსებობს. მონტენეგრომ ინფორმაციით, პორტუგალიის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს საათებში სრულად აღუდგება.
ევროპის ენერგეტიკის ინდუსტრიის წარმომადგენელი სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელის კრისტიან რუბის თქმით, ელექტროენერგიის გათიშვის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი საფრანგეთსა და ესპანეთს შორის ინტერკონექტორთან დაკავშირებული კონკრეტული ინციდენტი იყო.
,,ეს ნიშნავს, რომ ესპანეთის ქსელი უფრო ფართო ევროპული ქსელიდან გაითიშა,’’ - თქვა რუბიმ.
ესპანური ელექტროქსელის ოპერატორის, Red Electrica-ს ოპერაციების ხელმძღვანელმა, ედუარდო პრიეტომ, განაცხადა, რომ ეს მოვლენა ,,უპრეცედენტო და არაორდინალურია“.
0
0