23/12/2022
12:00
მსოფლიო
ესპანეთის პარლამენტში ტრანსგენდერების უფლებების შესახებ კანონპროექტი მიიღეს.
დოკუმენტის თანახმად, ამიერიდან 16 წლიდან ნებისმიერი პირი პირადობის მოწმობაში სქესის შეცვლას შეძლებს.
მანამდე აპლიკანტებს სჭირდებოდათ გენდერული დისფორიის სამედიცინო დიაგნოზი (ანუ შეუსაბამობის განცდა ბიოლოგიურ სქესსა და გენდერულ იდენტობას შორის) და ორი წლის განმავლობაში ჰორმონალური მკურნალობის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო არასრულწლოვანებს - მშობლების იურიდიული თანხმობა.
კანონპროექტს ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატამ - დეპუტატთა კონგრესის 188-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 150 კი წინააღმდეგი იყო. კანონპროექტი საბოლოოდ დასამტკიცებლად ზედა პალატას - სენატს გადაეგზავნება.
საკანონმდებლო ცვლილება მემარცხენე პარტიამ Podemos-მა განახორციელა, რომელიც პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის სოციალისტურ პარტიასთან ერთად, კოალიციური მთავრობის ნაწილია. ესპანეთის თანასწორობის მინისტრმა ირინე მონტერომ (Podemos-ის პარტიის წევრმა) დებატების დროს, თქვა, რომ კანონი ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლის "დეპათოლოგიზებას მოახდენს" და მათ უფლებებს დაიცავს. „ტრანს-ქალები ქალები არიან“, - თქვა მონტერომ, რომელიც მკაცრად მოითხოვდა გენდერულ თვითიდენტიფიკაციას. მან კანონპროექტისადმი წინააღმდეგობა „ტრანსფობიად“ შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილება სოციალისტური პარტიის რიგმა წევრებმა გააპროტესტეს, რადგან ისინი თვლიან, რომ ამ კანონმა შესაძლოა ქალთა უფლებები შელახოს. „ეს კანონპროექტი არ მეჩვენება პროგრესული მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად, პირიქით, ეს უკუსვლაა“, - თქვა ესპანეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა კარმენ კალვომ.
კრიტიკოსების აზრით, ადვილად შესძლებელია, რომ კანონი ბოროტად იყოს გამოყენებული და შეიძლება საფრთხე შეექმნას ქალთა უფლებებს.
მამაკაცებს კი, რომლებიც თავს ქალად თვლიან, საშუალებას მისცემთ, იასპარეზონ ქალთა სპორტში ან ქალთა ციხეებში გადაყვანა მოითხოვონ. მათ ასევე შეშფოთება გამოთქვეს არასრულწლოვანთა სქესის თვითგამორკვევის უფლების გამო. ევროპის კიდევ ცხრა ქვეყანამ (მათ შორის ირლანდიამ, დანიამ, ნორვეგიამ, პორტუგალიამ და შვეიცარიამ) ლეგალური სქესის აღიარებისთვის თვითდეკლარაციის სისტემები უკვე მიიღო.
0
0